15 ნოემბერი 2024,   06:00
ვრცლად
10 მუნიციპალიტეტი, 165 საარჩევნო უბანი და შუალედური რიგგარეშე არჩევნები საქართველოში - ელექტრონული ტექნოლოგიები ფართო მასშტაბით და პირველადი შედეგები

ზუსტად 8 საათზე, საქართველოს რამდენიმე რეგიონში არსებული 165-ვე საარჩევნო უბანი დაიხურა. დღეს ფოთის, სენაკის და ხობის მოსახლეობა მაჟორიტარ დეპუტატს - გურჯაანის, თიანეთის, ახალციხის, ტყიბულისა და ქუთაისის მცხოვრებლები საკრებულოების წევრებს, ხოლო ცაგერსა და თერჯოლაში მერებს ირჩევდნენ. წინა არჩევნებისგან განსხვავებით, დღეს ამომრჩევლის 91%-მა საკუთარი პოზიცია ელექტრონულად დააფიქსირა. 165 საარჩევნო უბნიდან, 117-ში ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ თანამედროვე ტექნოლოგიები დანერგა და როგორც ცესკოს თავმჯდომარე ამბობს, ამით ხმის მიცემა ბევრად გამარტივდა. გიორგი კალანდარიშვილმა საარჩევნო პროცესის მიმდინარეობა, ქუთაისში პირადად მოინახულა.

შუალედური, რიგგარეშე არჩევნები განსაკუთრებული იმითაცაა, რომ მმართველ პარტიას მხოლოდ 2 კონკურენტი ჰყავს, აქედან კი ოპოზიციის მიერ დასახელებული მხოლოდ ერთია - ბესიკ წულეისკირი, რომელსაც მხარი კახა კუკავამ დაუჭირა. მან საკუთარი პოზიცია, დილით სენაკის 64-ე ოლქში დააფიქსირა.

წულეისკირს "ქართული ოცნებიდან" კონკურენციას გიორგი ხახუბია უწევს. მის მხარდასაჭერად ფოთში სახელისუფლებო გუნდის ლიდერებიც ჩავიდნენ.

"ქართულ ოცნებას", კიდევ ერთი კონკურენტი ტყიბულში ჰყავს. აქ კანდიდატი საინიციატივო ჯგუფმა დაასახელა. ტყიბულში მოსახლეობა საკრებულოს წევრს ირჩევს.

საკრებულოს წევრებს ირჩევენ გურჯაანში, თიანეთში, ახალციხესა და ქუთაისშიც. არჩევნები ყველგან მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა, მაღალი იყო აქტივობაც.

პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატისა და მუნიციპალიტეტების საკრებულოების წევრების გარდა, მერებს ირჩევენ თერჯოლასა და ცაგერში ორივე შემთხვევაში არჩევნებში მხოლოდ "ქართული ოცნების" კანდიდატები მონაწილეობენ. საკუთარი პოზიცია, ცაგერის მერობის კანდიდატმა დღეს დილით დააფიქსირა. აქ დღის განმავლობაში, ამომრჩევლის ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა. მუნიციპალიტეტში, 41 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი, აქედან ელექტრონულად კენჭისყრა ათ უბანში ჩატარდა.

მერს ირჩევენ თერჯოლაშიც. მანუჩარ რობაქიძეც ერთადერთი კანდიდატია. აქ, საინიციატივო ჯგუფმა მას კონკურენტი დაუსახელა, თუმცა, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე მიხეილ კვატაიამ საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. მიზეზად საარჩევნო კვლევის წინასწარი შედეგები დაასახელა, სადაც, მისი თქმით, სახელისუფლებო გუნდი დიდი უპირატესობით ლიდერობა. მანუჩარ რობაქიძის მხარდასაჭერად დღეს თერჯოლაში "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანიც ჩავიდა.

არჩევნებს დღეს, საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლები აკვირდებოდნენ. ცესკოს ინფორმაციით, შუალედური არჩევნებისთვის საერთაშორისო დამკვირვებელთა უპრეცედენტო რაოდენობა დარეგისტრირდა.

დღის ამბები