პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ რადიკალურმა ოპოზიციამ ვერცერთ ოლქში ვერ გაბედა კანდიდატურის დაყენება.
"ისიც მოგეხსენებათ, რომ რადიკალურმა ოპოზიციამ ვერცერთ ოლქში ვერ გაბედა კანდიდატურის დაყენება, რაც იმის დასტურია, რომ ქართული ოცნების მაღალ და საკუთარ დაბალ რეიტინგს კარგად აცნობიერებენ.
მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები შეზღუდული კონკურენციის პირობებში წარიმართა, დაფიქსირდა მაღალი აქტივობა, რისთვისაც თითოეულ ამომრჩეველს მადლობას ვუხდით,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს იყო არჩევნები, რომელიც ჩატარდა ელექტრონული წესით, იმ წესით, რაც დადგინდა ახალი საარჩევნო კოდექსით და სადაც ამომრჩეველი გადიოდა ელექტრონული წესით რეგისტრაციას, ასევე ხმას აძლევდა ელექტრონული წესით.
"ეს იყო პირველი მასშტაბური ტესტი, რომელიც დაინერგა ახალი საარჩევნო კოდექსის ფარგლებში და ეს ტესტი მნიშვნელოვანი იყო, რათა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს სათანადო ხარისხით. მადლობა საარჩევნო ადმინისტრაციის თითოეულ წარმომადგენელს, კომისიის წევრებს, რათა არჩევნები სათანადოდ ჩატარდა, მადლობა ამომრჩეველს არჩევნებში მონაწილეობისა და ჩვენი გუნდისთვის ნდობის გამოცხადებისთვის,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.