15 ნოემბერი 2024,   06:30
ვრცლად
თუ საქართველოს რომელიმე პოლიტიკური ჯგუფიდან იმის გამო გარიცხავენ, რომ მონაწილეობა უნდა მიიღოს კონფერენციაში, სადაც ეროვნულ იდენტობაზეა საუბარი, ურთიერთობების გადახედვაზე შეიძლება ჩვენ მეტი ვილაპარაკოთ - მამუკა მდინარაძე

თუკი ვინმე უნდა ალაპარაკდეს რომელიმე პოლიტიკური ჯგუფიდან ჩვენი გარიცხვის საკითხზე მხოლოდ იმის გამო, რომ საქართველომ შეიძლება მონაწილეობა მიიღოს იმ კონფერენციაში, სადაც საკითხი დგას ოჯახის სიწმინდეზე, ეროვნულ იდენტობაზე და მსგავს ღირებულებებზე და ამის გამო ვინმემ უნდა დააყენოს საკითხი, რომ გაირიცხოს „ქართული ოცნება“, ურთიერთობების გადახედვაზე შეიძლება ჩვენ მეტი ვილაპარაკოთ, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა და  გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, თითქოს ევროპის სოციალისტური პარტიის პრეზიდენტების სხდომაზე „ქართულ ოცნებას“ გარიცხავენ, გამოეხმაურა.

„ურთიერთობების გადახედვაზე შეიძლება ჩვენ მეტი ვილაპარაკოთ, თუ ვიღაცისთვის მიუღებელია, რომ „ქართული ოცნება“ იღებდეს კონფერენციაში მონაწილეობას, სადაც ოჯახის სიწმინდეზე, ტრადიციულ ღირებულებებზე, წარსულის პატივისცემაზე, განვითარებაზე, მომავალზე, რწმენაზე და მის თავისუფლებაზე, ეროვნული იდენტობის შენარჩუნებაზეა საუბარი. ამ საკითხებზე ლაპარაკისთვის თუ ჩვენ ვიღაცამ საიდანღაც უნდა გაგვრიცხოს, შეიძლება ჩვენ ვილაპარაკოთ ურთიერთობის გადახედვაზე ნებისმიერთან და უნდა გვქონდეს ამისი თავი საქართველოში, რომ ამაზე ღიად ვილაპარაკოთ. ყველა ჯგუფის უფლებებს ვიცავთ, მაგრამ თუ ვიღაცების, რაღაც ჯგუფების პროპაგანდას არ ვეწევით და ჩვენს ეროვნულ იდენტობაზე უარს არ ვამბობთ, ამის გამო არავინ უნდა იფიქროს საიდანღაც გარიცხვაზე და სხვა სახის მუქარაზე. ჩემს კოლეგებს მოვუწოდებ, ვიდრე ასეთ განცხადებებს გააკეთებენ, იქამდე იქნებ დაგველაპარაკონ რაშია საქმე. ისედაც ნათელია ყველაფერი, მაგრამ მაინც ჯობია, ასეთი საკითხები იმ პოლიტიკურ ჯგუფში გაირკვეს, სადაც სხვადასხვა პარტია შედის, მათ შორის „ქართული ოცნებაც“, - განაცხადა მდინარაძემ.

დღის ამბები