საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა უნგრეთის დედაქალაქში ვიზიტისას სამუშაო შეხვედრა გამართა უნგრეთის კულტურისა და ინოვაციის მინისტრის მოადგილე ესზტერ ვიტალიოსთან. ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, შეხვედრაზე, რომელსაც ესწრებოდა საქართველოს ელჩი უნგრეთში თამარ ლილუაშვილი, მხარეებმა კულტურის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო უნგრელი ფერმწერისა და გრაფიკოსის, მიხაი ზიჩის, საიუბილეო თარიღთან დაკავშირებულ ერთობლივ ღონისძიებებს. 2027 წელს ხელოვანის დაბადებიდან 200 წელი სრულდება. მხარეებმა განიხილეს საიუბილეო თარიღის აღსანიშნავი ერთობლივი საარქივო, სამუზეუმო თუ კინოპროექტების იდეები. შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ ამ პროექტების განხორციელების მიზნით, დარგობრივი სამინისტროების მონაწილეობით ადმინისტრაციულ დონეზე შეიქმნება სამუშაო ჯგუფი.
უნგრეთის კულტურის მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს და სამინისტროსთან აქტიური თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.
როგორც ცნობილია, უნგრეთის კულტურისა და ინოვაციების სამინისტრო, კულტურის სფეროს გარდა, პასუხისმგებელია საშუალო განათლებაზე, უნგრეთში მოქმედ სკოლებზე, ასევე - ოჯახის გაძლიერებასთან დაკავშირებულ პროექტებზე.
უნგრეთის რესპუბლიკაში ვიზიტისას თეა წულუკიანი ასევე შეხვდა უნგრეთის ვიცე-პრემიერ ჟოლტ შემიენს და მასთან ერთად განიხილა როგორც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში, ასევე ევროპული ინტეგრაციის გზაზე ორი ქვეყნის თანამშრომლობის საკითხები.