დაბზარული კედლები, დაზიანებული გარე ფასადი, მოძველებული ელექტროგაყვანილობა და საკლასო ოთახები - ეს რეალობა ქუთაისის 24-ე საჯარო სკოლაში მალე შეიცვლება. ამჯერად 600 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა მოზარდებს სრულიად განახლებული დაუბრუნდება.
ტენდერი უკვე გამოცხადებულია. ერთ თვეში გამოვლინდება კომპანია, რომელიც ქუთაისში კიდევ ერთ სასწავლო დაწესებულებას ჩაუტარებს რეაბილიტაციას. შედეგად, მე-5 საჯარო სკოლაში მოსწავლის სრულფასოვან განათლებაზე ორიენტირებული სასწავლო გარემო შეიქმნება. სრულად განახლდება გათბობის, წყალმომარაგებისა და საინჟინრო სისტემები.
სკოლების მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები მალე ქვეყნის მასშტაბით დაიწყება. სკოლა განახლდება თელავში. სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება ტყიბულში, ხონსა და ბორჯომში. სრული რემონტი ჩაუტარდება რუსთავსა და დმანისში მდებარე სკოლებს. სასწავლო დაწესებულებები განახლდება მესტიისა და თიანეთის მუნიციპალიტეტებში. 50 წლის შემდეგ განახლებული იერსახით დაუბრუნდება მოსწავლეებს სკოლა დაბა ჟინვალშიც.
სკოლების მასშტაბური განახლების პროგრამას მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. 11 სკოლის განახლებაში სახელმწიფო დაახლოებით 130 მილიონი ლარის ინვესტირებას გეგმავს.
სასწავლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურული განახლება განათლების რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. სასწავლო პროგრამების შემუშავება და ახალი სტანდარტების დანერგვა მოსწავლეზე ორიენტირებულ გარემოს ქმნის. უსაფრთხოების სისტემების დანერგვა, სკოლების შიდა და გარე სივრცეების კეთილმოწყობა იქნება ის კომპლექსური მიდგომა, რომელსაც პროექტების შესრულებისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა.