17 აგვისტო 2026,   23:54
ვრცლად
ყარაბაღის დათმობა და აფხაზეთის პარალელი - გვარამიას განცხადებას ოპოზიციაშიც გაემიჯნენ

დათმო სომხეთმაც და უკეთესი მომავლის პერსპექტივა მიიღო - ყარაბაღის კონფლიქტთან პარალელს საზოგადოებას ნიკა გვარამია სთავაზობს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, რომელიც თავად ოკუპირებული აფხაზეთიდან არის, ამბობს, რომ ტრავმული მეხსიერება განვითარებას ბლოკავს.

პრობლემის მოგვარების საუკეთესო მაგალითად კი ნიკოლ ფაშინიანი მოჰყავს, რომელმაც, მისი თქმით, ყარაბაღი დათმო. სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიმართული კაპიტულაცია - მსჯელობა, რომელიც შემთხვევითი არ არის. ეს მმართველი გუნდის შეფასებაა, სადაც მიაჩნიათ, რომ ნაციონალური მოძრაობის ყოფილმა იდეოლოგმა საჯარო სივრციდან განწყობები მიზანმიმართულად მოსინჯა - ისეთ სენსიტიურ საკითხზე დისკუსიის გასახსნელად, როგორიც ოკუპირებული აფხაზეთის დათმობაა.

განცხადებები საჯაროდ გაკეთდა. აფხაზებთან შერიგების უპერსპექტივობაზე პროფესიით დიპლომატმა სალომე სამადაშვილმაც ისაუბრა. სამართლის სპეციალისტმა გვარამიამ კი ქვეყნის ისტორიულ-სამართლებრივ ტერიტორიას შემაფერხებელი ტრავმული მეხსიერება უწოდა. სომხეთის მაგალითზე თქვა ისიც, რომ მთიანი ყარაბაღის ჩაბარებით ქვეყანამ მიიღო უპირატესობები ევროინტეგრაციის მიმართულებითაც და ფინანსური კუთხითაც.

გაცხადებულად ოკუპანტს ებრძვიან, თუმცა ამავე ქვეყნისგან ოკუპირებულ ტერიტორიებს უკვე ისტორიულ მეხსიერებად თვლიან - მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ ორი ქვეყნის ორი განსხვავებული პრობლემის გათანაბრებით მათი ოპონენტები უშედეგოდ ცდილობენ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მოქმედებას, რადგან ხელისუფლების პოლიტიკა შერიგებასა და ნდობის აღდგენას გულისხმობს და არა საკუთარ მოქალაქეებსა და ტერიტორიებზე უარის თქმას. უმრავლესობაში მიაჩნიათ, რომ ოპოზიციის ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებზე მათი ამომრჩეველიც უნდა დაფიქრდეს.

გვარამია-სამადაშვილის ერთობლივ პათოსს ოპოზიციაში საჯაროდ დღეს ყველა გაემიჯნა. მათ შორის ნაციონალური მოძრაობაც, თუმცა სააკაშვილის პარტიაში არასწორად მიიჩნიეს არა თავად ოპოზიციის ლიდერის განცხადება, არამედ მასზე საზოგადოების რეაქცია.

განცხადების გამართლება არასამთავრობო სექტორიდან სცადეს. EMC-ის დირექტორმა, თამთა მიქელაძემ, ნიკა გვარამიას ნათქვამს კონფლიქტის მოგვარების რაციონალური და პრაგმატული მსჯელობა უწოდა, რასაც მალევე უპასუხა ფედერალისტების ლიდერმა. გვარამიასთან ერთ ალიანსში მყოფმა თამარ ჩერგოლეიშვილმა პოლიტიკური პარტნიორი ისტორიის გაყალბებაში დაადანაშაულა.

ყველა ერთად ერთი დაკვეთის შემსრულებელია - აცხადებს "ქართული ოცნება". ამბობენ, რომ ეროვნული იდენტობისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ დაწყებულ კოორდინირებულ კამპანიას პერსპექტივა არ აქვს. უმრავლესობის თქმით, ოპოზიცია, რომელიც ანტირუსულ ძალად პოზიციონირებს, აფხაზეთის ყარაბაღთან შედარებით, სწორედ ოკუპანტის ინტერესებს ატარებს, პარალელურად კი საზოგადოებას სთავაზობს მცდარ აღქმას, თითქოს ევროინტეგრაციის სანაცვლოდ ტერიტორიის დათმობა გამართლებულია.

თავად გვარამიამ საკუთარ ნათქვამთან დაკავშირებით დამატებითი განცხადებაც გაავრცელა. დაწერა, რომ სომხეთისა და ფაშინიანის მაგალითს ქართულ-აფხაზურ საკითხთან კავშირი არ აქვს. თუმცა, გადაცემაში სწორედ ამას ამტკიცებდა.

დღის ამბები