ანდრია ვასაძემ ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. მე-11 კლასის მოსწავლემ შეჯიბრზე 315 ქულა დააგროვა. მას ორი დღის განმავლობაში ექვსი კომპლექსური ალგორითმული ამოცანის ამოხსნა მოუწია.
საქართველოს ნაკრების წევრები ოლიმპიადიდან ორი მედლით დაბრუნდნენ. ბრინჯაოს მედალი ვლადიმერ ფრანგიშვილმა მოიპოვა. ოლიმპიადის საპატიო სიგელებით კი ნიკოლოზ მელიქიშვილი და მათე რეხვიაშვილი დაჯილდოვდნენ.
ინფორმატიკის 38-ე საერთაშორისო ოლიმპიადა წელსაც მაღალი კონკურენციის პირობებში ჩატარდა. შეჯიბრში 100-მდე ქვეყნის 400-მდე ახალგაზრდა მონაწილეობდა. საქართველოს სახელით კომაროვის სახელობის სკოლის მოსწავლეებმა იასპარეზეს. საუკეთესო ოთხეულში მეათე და მეთერთმეტე კლასის მოსწავლეები მოხვდნენ.
საქართველო ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაში 1996 წლიდან მონაწილეობს. დღემდე საქართველოს 7 ოქრო, 14 ვერცხლი და 45 ბრინჯაოს მედალი აქვს მოპოვებული. ეროვნული ნაკრების შერჩევა, მომზადება და ოლიმპიადაში მონაწილეობა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება.
მეცნიერება, ტექნოლოგია, ინჟინერია, მათემატიკა - საჯარო სკოლებში სტემ მიმართულებების გაძლიერება განათლების სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ქვეყნის მასშტაბით უკვე 400-მდე კლუბი ფუნქციონირებს. ახალი სასწავლო წლიდან კი კიდევ 100 კლუბის დამატება იგეგმება. ადრეული ასაკიდან ამ მიმართულებით მოსწავლეთა დაინტერესების მიზნით იგეგმება 100 რობოტიკის კლუბის გახსნა.
ორი მედალი და ორი საპატიო სიგელი - საქართველოს ნაკრები ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადიდან კვლავ წარმატებით დაბრუნდა. წელს შეჯიბრი უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში გაიმართა. მოსწავლეებში ცოდნისა და უნარების განვითარების გარდა ოლიმპიადის მიზანია ხელი შეუწყოს სხვადასხვა ქვეყნის მოსწავლეებსა და მენტორებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას.
ავტორი: ირაკლი კოშაძე.