"ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, სადაც საფრთხეები ძალიან გახშირდა" - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს თავდაცვის ძალების დღესთან დაკავშირებით სიტყვით გამოსვლისას.
მან ქვეყანაში თავდაცვის ძალების მნიშვნელობაზე და როლზე გაამახვილა ყურადღება.
"ვაფასებთ საუკუნეების მანძილზე თავდაცვის ძალების უდიდეს მნიშვნელობას ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვებაში, შენარჩუნებაში და დღეს უკვე მის გამყარებაში. ეს ის დღეა, როცა ვიაზრებთ, თუ რა არის თავდაცვის ძალების დანიშნულება ქვეყანაში. მათი შეუფასებელი სამსახური ქვეყნის წინაშე არა მხოლოდ ომის დროს, არამედ სწორედ მშვიდობის ჟამს. ყოველდღიურად თუ ყოველწუთიერად. მე, როგორც ამ ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი გიდასტურებთ ჩემს პატივისცემას, მადლიერებას და ნდობას. თავდაცვის ძალების როლი მხოლოდ წარსულზე არ გვაფიქრებს, არამედ მომავალზე. ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, სადაც საფრთხეები ძალიან გახშირდა. ძველ ფორმებთან ერთად, გაჩნდა მთელი რიგი ახალი საფრთხეები. ამდენად, თავდაცვის ძალების როლი კიდევ უფრო იზრდება და მოითხოვს კიდევ მეტ პროფესიონალიზმს, მეტ მოქნილობას და მეტ ცოდნას,"- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.