საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საქართველოს თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ უკრაინაში რუსული აგრესიისა და რთული რეგიონული უსაფრთხოების გარემოდან გამომდინარე, სახელმწიფო განსაკუთრებით აცნობიერებს თავდაცვის ძალების აუცილებლობას.
მისი თქმით, დღეს ქართველი სამხედროები კარგად მომზადებულები, აღჭურვილები და ბრძოლისუნარიანები არიან და ისინი იცავენ საქართველოსთვის ყველაზე ძვირფასს - დამოუკიდებლობას, უსაფრთხოებასა და მშვიდობას.
"უკრაინაში რუსეთის აგრესიის, უკიდურესად რთული რეგიონული უსაფრთხოების გარემოსა და ჩვენი ქვეყნის ორი ისტორიული რეგიონის ოკუპაციის გათვალისწინებით, განსაკუთრებულად ვაცნობიერებთ ძლიერი თავდაცვის ძალების აუცილებლობას. დღევანდელ დღეს ქართველი სამხედროები კარგად მომზადებულები, აღჭურვილები და ბრძოლისუნარიანები არიან. წლების განმავლობაში განვავითარეთ ნაყოფიერი თანამშრომლობა ნატო-სთან, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ჩვენს თავდაცვის ძალებს, ზრდის მათ პროფესიონალიზმსა და ნატო-ს სტანდარტებთან თავსებადობას.
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ხელმძღვანელობით, საქართველოს პარლამენტში მიმდინარეობს თავდაცვის სამინისტროს მიერ ინიციირებული თავდაცვის კოდექსის განხილვა, რომლის მიზანს ქვეყნის თავდაცვის სისტემის შემდგომი გაუმჯობესება და შესაძლებლობების ამაღლება წარმოადგენს. ახალი კოდექსით: გაიზრდება თავდაცვის ძალების საბრძოლო მზადყოფნის და ნატო-სთან თავსებადობის ხარისხი; ამაღლდება თავდაცვის ძალების მართვის ეფექტიანობა; მოხდება ტოტალური თავდაცვის სისტემის სრულფასოვანი დანერგვა; გაძლიერდება ჩვენი ქვეყნის მედეგობა; უზრუნველყოფილი იქნება თავდაცვის ძალების რაოდენობრივი, ხარისხობრივი და ინსტიტუციური მდგრადობის მაღალი ხარისხი,"-განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.