ბეწვზე გადავურჩი სიკვდილს, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში წერს. "ვივამედში" მყოფი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ მას გონების კარგვის ეპიზოდი გაუმეორდა, წაიქცა და თავი რკინის მაგიდას დაარტყა.
"ვივამედის" კლინიკური დირექტორის განცხადებით კი იმ სივრცეში, სადაც პატიმარი იმყოფება, რკინის მაგიდა საერთოდ არ არსებობს.
ენმ-ში კი ამბობენ, რომ სააკაშვილის პალატაში გადაღებულ კადრების მოითხოვენ, რისი მეშვეობითაც მათივე თქმით, პატიმარი პრეზიდენტის გონების კარგვის ეპიზოდი დადასტურდება.
"ჩვენ მოვითხოვთ ამ კადრებს, ვნახავთ და დადასტურებული იქნება ეს ყველაფერი. თვითონ პრეზიდენტის გუშინდელი გონების კარგვის ეპიზოდი არის უკვე რეგულარული ხასიათის. ეს არის ის, რაც დაწერილი იყო სახალხო დამცველის და სხვა ექსპერტების დასკვნებში, რომ ეს ასე მოხდებოდა. გუშინ ასევე მოყვანილი ჰყავდათ "ტივილის" ცენტრიდან ბატონი გადაბაძე, რომელიც არის ძალიან მაღალი დონის პროფესიონალი და მისი შეფასებითაც პროცესები არის ღრმად წასული.
სტრასბურგთან ერთად მიმდინარეობს სხვადასხვა პროცესებიდან მოლაპარაკება, რომლებიც ძალიან მალე გახდება ცნობილი. როგორც არც სტრასბურგამდე არ გვითქვამს ზუსტად რას ვაპირებდით და არ გამოგვიტანია გარეთ, არც ახლა არ ვაპირებთ ამაზე საუბარს," - აცხადებს ენმ-ს წევრი გიორგი ჩალაძე.
ავტორი: ანა ბუავა