გოგებაშვილის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულს ბრალს დღეს ოფიციალურად წარუდგენენ.
გივი მარგველაშვილის დაცვის თანამშრომელ - კახაბერ კამლაძეს გამოძიება განზრახ მკვლელობას ედავება, თუმცა დაცვის მხარე იარაღის გამოყენებას და გასროლას აუცილებელი მოგერიებით ხსნის.
"უდანაშაულოა წარდგენილ ბრალდებაში, რა თქმა უნდა პოზიციაც იგივეა. რაც შეეხება ბრალის წარდგენას, ჯერ არ მომხდარა. უდანაშაულოა და მოქმედებდა მხოლოდ აუცილებელი მოგერიების მიზნით. 1995 წლიდან აქვს იარაღის ტარების უფლება და აქვს გაფორმებული. ასევე არის პოლკოვნიკი, 7 თვე იყო თანამშრომელი და ნამდვილად იყო ამ ადამიანების დაცვის თანამშრომელი და ჰქონდა იარაღის საბუთი. თვითონ დალუქეს გამომძიებლებმა, როდესაც ჩამოართვეს დოკუმენტები და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. არ მიმალულა, პირიქით, ცდილობდა პირველადი დახმარება გაეწია დაჭრილისთვის", - განაცხადა ადვოკატმა ხათუნა ხურცილავამ.