თბილისის საქალაქო სასამართლოში მარტის აქციებზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო პროცესი გადაიდო. დღეს საქმის არსებითი განხილვა უნდა დაწყებულიყო, მხარეები კი შესავალი სიტყვებით წარდგებოდნენ, თუმცა პროცესი დღეს აღარ გაიმართება.
მედიასთან კომენტარი გააკეთა ბრალდებულის მამამ. ბექა გრიგორიადისს პოლიტიკურ მოტივებზე საუბრობს.
"დასჯა მიდის ლაზარესი, იმის გამო, რომ ოდესღაც მე პოლიტიკაში შემოსვლა მინდოდა, მაგრამ მაგაზე მერე მოგახსენებთ, თუ რა მოხდა და რატომ გავჩერდი. და ასევე, იმის გამო, რომ ჩემი შვილი აქციებზე ყოველთვის დადიოდა," - განაცხადა ლაზარე გრიგორიადისის მამამ, ბექა გრიგორიადისმა.
ამასთან, ადვოკატის, ლიკა ბითაძის განცხადებით, დაცვის მხარე წარმოადგენს მყარ და უტყუარ მტკიცებულებს, რითაც დადასტურდება, რომ რასაც ბრალდების მხარე ლაზარე გრიგორიადისს ედავება, მას არ ჩაუდენია.
გამოძიების ინფორმაციით, 21 წლის ახალგაზრდამ პოლიციის თანამშრომლებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა, რის შედეგადაც დაზიანება მიიღეს სამართალდამცველებმა. ასევე, მან ცეცხლი წაუკიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ავტომობილს. გამოძიება 353-ე პრიმა და 187 მუხლებით მიმდინარეობს.