გოგებაშვილის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ბრალდებით დაკავებული კახაბერ კამლაძის ადვოკატი, დღეს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
დაცვის მხარის განცხადებით, ბრალდებული აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა. ადვოკატმა პროცესზე 10 000 გირაოს შუამდგომლობა დააყენა, რაც მოსამართლემ არ გაითვალისწინა და დაკავებულს პატიმრობა შეუფარდა.
რაც შეეხება დაჭრილი გივი მარგველაშვილის მდგომარეობას, იგი ამ დრომდე კლინიკაში რჩება. ექიმების ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
"ავადმყოფის მდგომარეობა არის სტაბილური. რაიმე ტიპის ქირურგიული ჩარევა პაციენტთან დაგეგმილი არ გვაქვს. მდგომარეობა დინამიკაში გაუმჯობესებულია და შეგვიძლია ვთქვათ, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ორივე ქვემო კიდურის, სავარაუდო, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებით მოგვმართა პაციენტმა," - განაცხადა სიმონ ხეჩინაშვილის საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა მენეჯერმა ნიკოლოზ კვაჭაძემ.
შეგახსენებთ, 4 აპრილს, თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე ერთი ადამიანი მოკლეს და ორი დაჭრეს. დაცვის პოლიციის პირადი დაცვის სამმართველოს უფროს ინსპექტორ კახაბერ კამლაძეს თავდაპირველად განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ ტარებას ედავებოდნენ, თუმცა მოგვიანებით ბრალი გადაკვალიფიცირდა. მას ახლა პროკურატურა დამნაშავის შეპყრობისთვის აუცილებელი ზომის გადაცილებით მკვლელობას ედავება. დაჭრილი გივი მარგველაშვილი ამ დრომდე კლინიკაში რჩება. ექიმების ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.