25 აგვისტო 2026,   22:02
ვრცლად
სასამართლო ტერორიზმთან კავშირში ბრალდებულების აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობს

ამ წუთებში, საქალაქო სასამართლოში სასამართლოში ტერორიზმთან კავშირში ბრალდებულების პროცესი მიმდინარეობს. მოსამართლე აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობს. პროკურატურა შვიდივე დაკავებულისთვის წინასწარ პატიმრობას ითხოვს. რუსთავში, გარდაბანსა და გაჩიანში ჩატარებული სპეცოპერაციებისას დაკავებულებს ტერორისტულ ორგანიზაცია "ისლამურ სახელმწიფოში" გაერთიანებაში, ტერორისტულ საქმიანობაში დახმარებაში, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვაში ადანაშაულებენ. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები სხვადასხვა ქვეყანაში ტერორისტულ აქტივობებს გეგმავდნენ.

ერთ-ერთი დაკავებული არის ორუჯ მამედოვი, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა გუშინ ქალაქ რუსთავში, კონსპირაციულ ბინაში აიყვანეს. მამედოვის ადვოკატი "კურიერთან" საუბრისას აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ისლამის ერთ-ერთი მიმდინარეობის წინამძღოლია და სწორედ აქედან გამომდინარე ჰქონდა სხვა დაკავებულებთან კავშირი.

"ის ამბობს, რომ არანაირი შეხება არც იმ ტერორისტულ ორგანიზაციასთან, არც იმ ორ ყუმბარასთან, რომელიც თითქოს მის სახლში აღმოაჩინეს, არ ჰქონია. და ბუნებრივია, არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიებას მოვითხოვთ ამ სხდომაზე. თვითონ ეს თურქეთის მოქალაქე რამდენიმე თვეა რაც საქართველოშია. მასთან მიდიოდა სამლოცველოში, ლოცულობდა, როგორც სხვები,"- აცხადებს ადვოკატი.

რაც შეეხებათ სხვა დაკავებულებს - არცერთი მათგანი წარდგენილ ბრალს არ ეთანხმება, იყენებენ დუმილის უფლებას, ხოლო ადვოკატები სასამართლოს არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით მიმართავენ. 

პროკურორი მაია სილაგაძე კი აცხადებს, რომ საქმეში საკმარისი მტკიცებულებებია, შვიდივე დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შესაფარდებლად.

"ბრალდების მხარეს მოპოვებული აქვს არაერთი მტკიცებულება, მათ შორის, არის ელექტრონული მტკიცებულებები, ექსპერტიზის დასკვნები და, ასევე, ნივთიერი მტკიცებულებები, რომლითაც არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ შვიდივე ბრალდებულმა ჩაიდინა ბრალად წარდგენილი დანაშაული და, შესაბამისად, ამ ფაქტებზე დაყრდნობით, ბრალდების მხარემ წარადგინა შუამდგომლობა, რომ შვიდივე მათგანს შეეფარდოს პატიმრობა. მასალებით დგინდება, რომ შვიდივე პირი აპირებდა სხვადასხვა ტერორისტული აქტივობების განხორციელებას საქართველოს ფარგლებს გარეთაც. სხვა ინფორმაციას, იმის გათვალისწინებით, რომ საქმე არის გრიფით საიდუმლო, ამ ინფორმაციას ვერ მოგაწვდით,"-აცხადებს პროკურორი.

დღის ამბები