25 აპრილი 2024,   04:17
ვრცლად
"2010 წელს ნამდვილად შემემთხვა უმძიმესი ავარია, რომლის დროს დაიღუპა ჩემი ერთადერთი დისშვილი... მე ამის შეხსენება არ მჭირდება" - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი

სტუდენტების საპასუხო განცხადებას სოციალური ქსელით ავრცელებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი - ნინო დობორჯგინიძე განმარტავს, რომ ნასამართლობის თემა უკავშირდება 2010 წელს მომხდარ ტრაგიკულ ფაქტს, კერძოდ, უმძიმეს ავარიას, რომლის დროსაც დაიღუპა მისი ერთადერთი დისშვილი.

"2010 წელს ნამდვილად შემემთხვა უმძიმესი ავარია, რომლის დროს დაიღუპა ჩემი ერთადერთი დისშვილი. ამ ამბავმა არა მარტო ჩემი, არამედ მთელი ჩემი ოჯახის, მათ შორის პატარა ბავშვების ცხოვრება შეცვალა.

იმედი მაქვს, ისინი ამ ბინძურ სიუჟეტს ვერ/არ ნახავენ, თვალს აარიდებენ. პირადად მე ამის შეხსენება არ მჭირდება, მე ამაში ვცხოვრობ 2010 წლის აგვისტოდან ყოველ წამს.

დღევანდელი სიუჟეტით ბოლოსდაბოლოს გაირკვა რეალური მიზეზი, რატომ დაესხნენ თავს ილიას უნივერსიტეტს. არანაირი ფინანსური საფუძველი რომ არ არსებობდა, თავადაც კარგად იცოდნენ.

ეს წინასწარი მოსამზადებელი ფაზა იყო ჩემი ფსიქოლოგიური განადგურებისთვის და ამით უნივერსიტეტის, როგორც გამორჩეული ევროპული სივრცის, დაზიანებისთვის.

ეს ტრაგედიაც მაძლევს ძალას, ბევრად უფრო მეტზე ვიფიქრო, ვიდრე ჩემი საკუთარი პრობლემებია. რასაც დღეს ილიას უნივერსიტეტი აკეთებს, ის ყველას გვჭირდება, ქართულ საზოგადოებას სჭირდება და თუნდაც ასეთი არაადამიანური თავდასხმა ვერ შემიშლის ხელს, გავაგრძელო საქმიანობა, როგორც პროფესორმა და როგორც ამ უნივერსიტეტის რექტორმა," - წერს ნინო დობორჯგინიძე.

ცნობისთვის, არის თუ არა "ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის" რექტორი ნასამართლევი და რაზე დაიხარჯა სტუდენტებისთვის გამოყოფილი 318 მილიონი ლარი? - ამ კითხვაზე პასუხს სტუდენტები მოითხოვენ. ისინი უნივერსიტეტის წინ კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ. თუ აქამდე პროტესტი მხოლოდ ფინანსებს უკავშირდებოდა, ახლა მათი მხრიდან აქტუალური გახდა ნასამართლობის საკითხი. ამბობენ იმასაც, რომ ადმინისტრაციას თანამშრომლები ნეპოტიზმის ნიშნით აჰყავს. მათ უნივერსიტეტში შეიტანეს კიდევ ერთი განცხადება. კომენტარი გააკეთა "ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის" ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა. ქეთევან ლაკირბაიას ნასამართლობაზე არაფერი უთქვამს, თუმცა ისაუბრა ბიუჯეტზე და თქვა, რომ ყველა მოთხოვნილი ინფორმაცია სტუდენტებს არაერთხელ მიაწოდეს. ამას გარდა, ციფრები განთავსებულია ოფიციალურ ვებ-გვერდზე

დღის ამბები