ქართული მუსიკალური მემკვიდრეობა, საუკუნოვანი ტრადიციები და მრავალხმიანობის გამორჩეული კულტურა - ქართული ხალხური სიმღერა ევროპის პრესტიჟულ საკონცერტო დარბაზებში გაჟღერდა.
ბერლინიდან ჰამბურგამდე, მიუნხენიდან სოფიამდე - "შავნაბადამ" ევროპელ მსმენელს ქართული და აფხაზური ფოლკლორის უნიკალური ნიმუშები წარუდგინა.
ევროპული ტურნე ბერლინიდან დაიწყო, სადაც აფხაზეთის სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი ლიზა ბაგრატიონთან ერთად, განახლებული პროგრამით წარდგა.
"შავნაბადას" მორიგ კონცერტს ჰამბურგში, ლეგენდარულმა ელბის ფილარმონიამ უმასპინძლა. დავით ცინცაძის ხელმძღვანელობით მომზადებულმა საკონცერტო პროგრამამ ანშლაგით ჩაიარა.
სტუმრებს საშუალება ჰქონდათ მოესმინათ ქართული და აფხაზური ფოლკლორის ნიმუშები და საქართველოს სხვადასხვა კუთხისთვის დამახასიათებელი ტრადიციული მრავალხმიანი კომპოზიციები.
ქართული პოლიფონიური და პროფესიული მუსიკის საღამო ბავარიის სასახლის კარის ყოვლადწმინდის სახელობის ეკლესიაშიც გაიმართა.
7 და 8 ნოემბერს კი, ანსამბლს ბულგარეთის დედაქალაქმა უმასპინძლა.
კონცერტები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა.