21 დეკემბერი 2024,   19:05
ვრცლად
აღიარება ერთ წელში და ხვიჩა კვარაცხელიას ახალი მიღწევა - 22 წლის ქართველი ფეხბურთელი სერია A-ს საუკეთესო მოთამაშეა

ხვიჩა კვარაცხელიას პირველი და ფანტასტიკური სეზონი, ნეაპოლში მოსალოდნელი აღიარებით დასრულდა. ისტორია დაიწერა, ქართველი ფეხბურთელი სერია A-ს საუკეთესო მოთამაშეა – ინფორმაცია იტალიის ჩემპიონატის ოფიციალურმა გვერდმა გუშინ გაავრცელა. საქართველოს ნაკრების 22 წლის თავდამსხმელი, პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელიც ტოპ 5 ლიგაში წლის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.

სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელს 1997 წლიდან ასახელებენ. გეოგრაფია ახლა საქართველომ გაზარდა, ხვიჩა კვარაცხელია კი გენიალური ფეხბურთელების გვერდით აღმოჩნდა. კრიშტიანო რონალდო, პაულო დიბალა, რომელუ ლუკაკუ, რაფაელ ლეაო და ხვიჩა კვარაცხელია.

კვარაცხელიას წარმატებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი და ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი კახა კალაძე, სოციალური ქსელის მეშვეობით გამოეხმაურნენ.

22 წლის ქართველი შემტევი იტალიაში შარშან ზაფხულში, ბათუმის დინამოდან გადავიდა, სადებიუტო სეზონშივე გუნდის ლიდერი გახდა და "ნაპოლის“ ჩემპიონობაში უდიდესი როლი ითამაშა. სერია A-ში ჩატარებულ 33 მატჩში 12 გოლი და 10 საგოლე პასი მიითვალა. ხვიჩა კვარაცხელია და იტალიის ჩემპიონი ნაპოლი, რომელმაც სკუდეტო 33-წლიანი პაუზის შემდეგ მოიპოვა, სეზონის ბოლო თამაშს 4 ივნისს, სამპდორიასთან ჩაატარებენ.

ავტორი: ოთო თევზაძე 

დღის ამბები