02 მაისი 2024,   19:23
ვრცლად
კლინიკას, სადაც პაციენტებს განკურნებას სთავაზობდნენ და ორგანიზმში კოქტეილები შეჰყავდათ, პაციენტები უჩივიან - რა ხდება "რეგმედში"

საექიმო საქმიანობა ლიცენზიის გარეშე და პაციენტების სიცოცხლე რისკის ქვეშ - "რეგმედ ჯორჯიას" პაციენტები სამედიცინო დაწესებულებას თაღლითობაში ადანაშაულებენ. დაზარალებულები "კურიერი P.S." უყვებიან, რომ კლინიკა მათ ეპილეფსიის, ალცჰაიმერის, ცერებრალური დამბლის და სხვა დაავადებების მკურნალობას ჰპირდებოდნენ, ამისთვის კი ექიმებს პაციენტების ორგანიზმში სპეციალური კოქტეილები შეჰყავდათ.

შედეგი ათობით პაციენტისთვის უმძიმესი აღმოჩნდა. ერთ-ერთი პაციენტის შვილი კლინიკას დედის გარდაცვალებაში ადანაშაულებს. დაზარალებულებმა უკვე ერთდროულად მიმართეს პროკურატურას, პოლიციას, ჯანდაცვის სამინისტროს, შემოსავლების სამსახურს.

"კურიერი P.S." გადამღები ჯგუფის გამოჩენას სამედიცინო დაწესებულებაში ხმაური მოყვა. კლინიკის ხელმძღვანელობამ კამერებთან კომენტარის გაკეთება არ ისურვა. ამასთან, "რუსთავი 2-ის" გადამღებ ჯგუფს სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენეს.

"რეგმედ ჯორჯია"- საქართველოში 2 წლის წინ გაიხსნა და ის პაციენტებს ისეთი დაავადებების მკურნალობასა და პრევენციას სთავაზობს, რომელიც რთულად, ან საერთოდ არ იკურნება. კლინიკის დამფუძნებელი თენგიზ ტყებუჩავა ამბობს, რომ რეგენერაციული აგენტებით მკურნალობა ახალი მეთოდია. ღეროვანი უჯრედების გააქტიურება, სისხლის ფილტრაცია, ოზონიზაცია, დასხივება, სპეციალური კოქტეილების დამზადება- თერაპიული მკურნალობის მეთოდები განსხვავებულია.

ინტერნეტ სივრცეში გავრცელებულ ვიდეოში პროცესს ზედაპირულად, მაგრამ დამაჯერებლად აღწერს. ამბობს, რომ გადარჩენილი ჰყავს ისეთი პაციენტები, რომლებსაც ტრადიციული სამედიცინო მეთოდით მკურნალობა ვერ დაეხმარა.

ავტორი:ანი გენებაშვილი

დღის ამბები