02 მაისი 2024,   21:27
ვრცლად
ჭიათურაში მაღაროელები ხელფასის მატებას ითხოვენ და 5 დღეზე მეტია, შიმშილობენ - რას პასუხობენ მათ "ჯორჯიან მანგანეზში"

საპროტესტო აქციის მეცამეტე დღე და პროტესტის უკიდურესი ფორმა ჭიათურაში. რამდენიმე აქტივისტი ჭიათურის ცენტრში უკვე 5 დღეზე მეტია შიმშილობს. დანარჩენები, ვინც პროტესტს უერთდება, ამავე სკვერში ყოველდღე იკრიბებიან, პერიოდულად აწყობენ მსვლელობებს და ასე ცდილობენ მუხტის გაზრდას.

ეს ადამიანები ფიქრობენ და ხმამაღლაც სკანდირებენ, რომ დამსაქმებელი უსამართლოა, რადგან ხელფასს მოთხოვნილი 40 %-ით არ უზრდის და ახალ სამუშაო გრაფიკზე გადაჰყავს. უთანხმოების ძირითადი საგანი, სწორედ ხსენებული ახალი გრაფიკია. კომპანია ჯორჯიან მანგანეზის პოზიციაა, რომ ე.წ. ვახტებზე დასაქმებული მაღაროელები, 2 ცვლიან 12 საათიანი გრაფიკის ნაცვლად 3 ცვლიან - 8 საათიან გრაფიკზე გადაიყვანოს.

რატომ დადგა 8 საათიან სამუშაო გრაფიკზე გადასვლის საკითხი და რის მიღწევას ცდილობს ამით დამსაქმებელი - ამ კითხვას გაცილებით რთულ და კომპლექსურ გამოწვევებთან მივყავართ, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. კომპანია "ჯორჯიან მანგანეზში" განმარტავენ, რომ ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებასთან ერთად, სამუშაო პროცესის ოპტიმიზაცია ერთადერთი გზაა იმისათვის, რომ მძიმე კრიზისის პირობებში წარმოება საერთოდ არ გაჩერდეს და შესაბამისად, 4 000- მდე თანამშრომელი სრულად უმუშევარი არ დარჩეს.

ამ პირობებში, "ჯორჯიან მანგანეზი" კრიზისულ რეჟიმზე ორი მთავარი ამოცანით გადაეწყო. პირველი - შეინარჩუნოს წარმოება, და მეორე - გაითვალისწინოს დასაქმებულთა ინტერესები, მათი სოციალური ვალდებულებების ჩათვლით.

კრიზისი უფრო მძიმედ აისახა შედარებით მცირე კომპანიებზე ვიდრე "ჯორჯიან მანგანეზია". მათ უმრავლესობას გაჩერება მოუწია და ახლო მომავალში ბაზარზე დაბრუნების პერსპექტივაც არ აქვთ. ამას ადასტურებს ფეროშენადნობთა ასოციაციის პრეზიდენტი.

ამ ადამიანებს ბაზარზე გლობალური ფაქტორებით გამოწვეული კრიზისის და მთელი ამ აღწერილი ჯაჭვის რეალურობის არ სჯერათ, რომლის ბოლო რგოლი თავადვე არიან.

საპროტესტო აქციების მიმდინარეობის ფონზე, რთულად და ჯერჯერობით შეთანხმების გარეშე წარმოებს მედიაციის პროცესი, რომელშიც ჩართულია ჯანდაცვის სამინისტროს მედიატორი და სახალხო დამცველი. პროცესში მონაწილეობს სამთო მრეწველობის პროფესიული კავშირიც. მისი თავმჯდომარე, უკმაყოფილო მაღაროელების პოზიციების შესახებ გვიყვება, ამასთან შეთანხმების აუცილებლობაზე საუბრობს.

მოლაპარაკების მომხრეა "ჯორჯიან მანგანეზში" დასაქმებულთა ის ნაწილიც, რომელიც პროტესტში არ არიან ჩართული. ამბობენ, რომ პირობების გაუმჯობესება და საუკეთესო გამოსავლის პოვნა მათაც სურთ, თუმცა არა რადიკალური მიდგომებით.

დღის ამბები