ყველაზე ნაცნობმა ხმამ რუსების სიმშვიდე მოსკოვის დროით ღამის 01:30-ზე დაარღვია. რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის მთავარმა სახემ, ეკატერინა ანდრეევამ ოფიციალურად განაცხადა ის, რაზეც რუსები მანამდე ჩურჩულით მხოლოდ სამზარეულოში საუბრობდნენ. ტელევიზიით პირველ გაისმა სიტყვები, რომ ომში მყოფი რუსეთი სამხედრო ამბოხის ზღვარზე იყო.
რუსული პირველი არხის კვალდაკვალ, პროპაგანდისტული მედია მოსახლეობის ინფორმირებას შეუდგა. თუმცა, ახალი ვერაფერი თქვა - სოციალური მედიის პირობებში, როსტოვში მცხოვრები მოსახლეობისგან ქვეყანამ უკვე კარგად იცოდა, რომ მათი ქალაქი "ვაგნერის" დაჯგუფებამ დაიკავა, რომლის მეთაურიც, ევგენი პრიგოჟინი, რამდენიმე საათით ადრე გენერალურმა პროკურატურამ სამხედრო ამბოხის ორგანიზებაში დაადანაშაულა.
როსტოვში "ვაგნერის" დაჯგუფებამ ყველა სტრატეგიული ობიექტი, მათ შორის, აეროდრომიც დილიდან დაიკავა და მოთხოვნა გააჟღერა. კერძოდ, გერასიმოვისა და შოიგუს გადადგომა. პუტინის ძველმა მეგობარმა ისიც თქვა, რომ ეს რიტორიკული შეკითხვა არ იყო და სანამ ეს სამხედრო მაღალჩინოსნები ვაგნერს არ ჩაბარდებოდნენ, როსტოვს დაბლოკავდნენ და მოსკოვისკენ აიღებდნენ გეზს. შემდეგ კი იყო მიმართვა.
პრიგოჟინს ვლადიმერ პუტინმა დილით ვიდეომიმართვით უპასუხა და ქმედებაზე გადავიდა - მოსკოვში სამხედრო ტექნიკა გამოჩნდა. დაიბლოკა მაგისტრალები და მოსკოვთან მიმავალი საკვანძო ხიდები. რუსეთის დედაქალაქში და სხვა დიდ დასახლებებში ტანკები და სამხედრო ტექნიკა გამოჩნდა. ვლადიმერ პუტინმა რუსებს აუხსნა, რომ "ვაგნერმა" ქვეყანას უღალატა და რუსეთი, შესაძლოა, საბოლოო მარცხამდე და კაპიტულაციამდე მივიდეს.
ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ დაქირავებული მებრძოლების ორგანიზაცია "ვაგნერმა" რუსეთის თავდაცვის ძალები მათი პოზიციების დაბომბვაში დაადანაშაულა და ამის დამადასტურებლად ვიდეოკადრებიც გაავრცელა.
ამბოხს წინ უძღოდა რამდენიმეთვიანი კრიტიკა, რომლითაც პრიგოჟინი რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობას ტაქტიკას უწუნებდა და ახალგაზრდა მეომრების საზარბაზნე ხორცად გამოყენებაში ადანაშაულებდა. პრიგოჟინს რუსეთის თავდაცვის მინისტრის ნაცვლად, რუსმა გენერლებმა საგანგებო ვიდეო მიმართვებით უპასუხეს.
დაახლოებით, საღამოს 5 საათისკენ, უკვე ნათელი გახდა, რომ "ვაგნერი" არამხოლოდ როსტოვს, არამედ ვორონეჟსაც გასცდა და ლიპეცკიც გაიარა. გადაუმოწმებელი ინფორმაციით, პრიგოჟინის ლიკვიდაციის ბრძანება გაცემულია. ამაში მოსკოვს კადიროველებიც დაეხმარებიან, რომლებიც სასტიკი მეთოდებით იმუქრებიან და რუსეთში უკვე ჩავიდნენ. ჩეჩნეთის ლიდერმა პუტინს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.
კადიროვამდე იყო დუმის თავმჯდომარის განცხადება, რუსეთის ლიდერის გარშემო გაერთიანებისკენ ფედერაციის მოქალაქეებს პატრიარქმა და საგარეო დაზვერვის უფროსმაც მოუწოდეს.
პუტინის პრეს-სპიკერს დღეს იმის მტკიცებაც მოუხდა, რომ რუსეთის პრეზიდენტს მოსკოვი არ დაუტოვებია და ნამდვილად კრემლში იმყოფება. საპირისპიროს ამტკიცებდნენ ტელეგრამ არხებში. სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტის თვითმფრინავი ორბიტებიდან გაქრა და მოსკოვი დატოვა.
მაშინ, როდესაც ქვეყანა საკუთარ პრობლემებზე წლებია ფრთხილად შერჩეული სიტყვებით ჰყვებოდა, ახლა აღარ ერიდება ისეთ სიტყვებს როგორებიცაა, სამოქალაქო ომი, გადატრიალება და რუსეთის დასასრული.
რუსეთში მიმდინარე ამბოხს ყველაზე დიდი ყურადღებით კიევში აკვირდებიან. ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთში გადატრიალების მცდელობას წერილობით გამოეხმაურა.
გავრცელებული ცნობით, "ვაგნერელები" ტოვებენ არა მხოლოდ უკრაინას, არამედ სხვა ცხელ წერტილებს და გეზი მოსკოვისკენ აქვთ აღებული. უცნობია, რა გეგმა აქვს რეალურად ევგენი პრიგოჟინს და ჰყავს თუ არა მას მხარდაჭერები პუტინის გარემოცვაში.