კასპში, 34 წლის ნოდარ ღუნაშვილის მკვლელობის ფაქტზე მსჯავრდადებული ზურაბ კახიშვილი და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვაში მსჯავრდადებული მოკლულის მეუღლე, ქეთევან ჩხაიძე თბილისის სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო.
მეორე ინსტანციის სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით, გორის რაიონული სასამართლოს განაჩენი უცვლელად დარჩა.
შესაბამისად, ზურაბ კახიშვილისთვის მისჯილი უვადო თავისუფლების აღკვეთა, ასევე ქეთევან ჩხაიძისთვის მისჯილი 5 წელი და 6 თვე ძალაში დარჩა.
შეგახსენებთ, 2021 წლის 13 მარტს, კასპში 34 წლის ნოდარ ღუნაშვილი მოკლეს. მკვლელობის ფაქტზე, შემთხვევიდან მეორე დღეს, სამართალდამცავებმა მოკლულის მეგობარი - ზურაბ კახიშვილი დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა ღუნაშვილს ანგარიშსწორების მიზნით, ცივი იარაღით სხეულზე სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. მომხდარიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ, სამართალდამცავებმა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვის ბრალდებით დააკავეს მოკლული მამაკაცის მეუღლე - ქეთევან ჩხაიძე.