27 მაისი 2024,   02:47
ვრცლად
რა თქმა უნდა, ველოდებოდი გამამართლებელ განაჩენს - ვალერი გობეჯიშვილი

"ვაკის პარკის" ტრაგედიის საქმეში გამართლებულმა ვალერი გობეჯიშვილმა, სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლების შემდეგ განაცხადა, რომ ის გამამართლებელ განაჩენს ელოდებოდა.

მისი თქმით, გამამართლებელ განაჩენს ბრალდებული ძმის მიმართაც ელოდა, თუმცა ეს ასე არ მოხდა.

"რა თქმა უნდა, ველოდებოდი გამამართლებელ განაჩენს ჩემზეც და ჩემს ძმაზეც, მაგრამ ასე არ მოხდა. მუშაობის დროს კაბელი ნამდვილად არ დაზიანებულა", - განაცხადა ვალერი გობეჯიშვილმა.

ადვოკატ თამაზ მექოშვილის განცხადებით, ცხაურის საბოლოო გახურების პროცესი გიორგი გობეჯიშვილმა შეასრულა და მოსამართლემ ალბათ ეს მიიჩნია ამოსავალ წერტილად და ის პატიმრობაში დატოვა. ადვოკატი იმედს გამოთქვამს, რომ სააპელაციო სასამართლო საკითხს უფრო ობიექტურად მიუდგება და გიორგი გობეჯიშვილსაც გაამართლებს წარდგენილ ბრალდებაში.

"არ ვიცით, დასაბუთებაში რას მოგვახსენებს ბატონი მოსამართლე, რა გახდა საფუძველი, რომ გიორგი გობეჯიშვილიც არ გაამართლა წარდგენილ ბრალდებაში, მაგრამ ცხაურის საბოლოო გახურების პროცესი გიორგი გობეჯიშვილმა შეასრულა და ალბათ ეს მიიჩნია ამოსავალ წერტილად, როდესაც დაზიანდა სადენი, მაგრამ ამის გამომრიცხავი გარემოებები არსებობს იმ საქმეში, რომ იმ დროს არ იყო ეს სადენი დაზიანებული. იმედი მაქვს, რომ სააპელაციო სასამართლო უფრო ობიექტურად მიუდგება ამ საკითხს და გიორგი გობეჯიშვილიც გამართლდება წარდგენილ ბრალდებაში", - განაცხადა ადვოკატმა თამაზ მექოშვილმა.

დღის ამბები