26 აგვისტო 2026,   16:19
ვრცლად
ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე, მორიგი სასამართლო სხდომა იმართება - დღეს ექსპერტი-ქიმიკოსი დაიკითხება, რომელმაც გრიგორიადისის ტანსაცმელზე კვლევა ჩაატარა

ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე, მორიგი სასამართლო სხდომა იმართება - იკითხება ექსპერტი, რომელმაც ადგილზე აქციის დროს ამოღებული ნივთმტკიცებები შეისწავლა.
სხდომის პარალელურად, თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერი აქცია იმართებოდა.

გრიგორიადისს აღმკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა, სასამართლომ 31 მარტს შეუფარდა, მას სამართალდამცველებისთვის ე.წ. "მოლოტოვის კოქტეილის" სროლას ედავებიან.

როგორც ბრალდებულის ადვოკატი ლიკა ბითაძე აღნიშნავს, ამ ეტაპამდე, გრიგორიადისის საწინააღმდეგოდ დღემდე არაფერი არ დადასტურებულა.

"არსებითი განხილვა გრძელდება. ბრალდების მხარე, დიდი ალბათობით მოწმეებს მოიყვანს. ამ ეტაპამდე, ლაზარეს საწინააღმდეგო არაფერი არ დადასტურებულა, ყოველ შემთხვევაში, დღემდე. დასკვნას მას შემდეგ გამოვიტან, რაც ბრალდების მხარე მტკიცებულებებს რომ ამოწურავს და მერე დაცვის მხარეც", - განაცხადა ლიკა ბითაძემ.

საქმის პროკურორის თქმით, დღეს ექსპერტი-ქიმიკოსი დაიკითხება, რომელმაც ლაზარე გრიგორიადისის ტანსაცმელზე კვლევა ჩაატარა.

"გრძელდება ბრალდების ხარის მტკიცებულებების გამოკვლევა, დღევანდელ პროცესზე დაიკითხება ექსპერტი-ქიმიკოსი, რომელმაც ჩაატარა კვლევა ლაზარე გრიგორიადისის ტანსაცმელზე და ნავთობ პროდუქტების აღმოჩენის კვალი დაადასტურა. აქედან გამომდინარე, დღევანდელ პროცესზე მხარეები დავკითხავთ და მისგან მივიღებთ ინფორმაციას", - განაცხადა პროკურორმა თამარ იაკობიძემ.

ცნობისთვის, ლაზარე გრიგორიადისს, რომელიც პოლიციამ 29 მარტს ე.წ. აგენტების შესახებ კანონის მიღების საწინააღმდეგო აქციებისას პოლიციელზე თავდასხმისა და სხვისი ქონების განადგურების ბრალდებით დააკავა, ბრალი ოფიციალურად წინასწარი დაკავების იზოლატორში 30 მარტს წარუდგინეს.

ლაზარეს ბრალად ედება სამართალდამცველებისთვის „მოლოტოვის კოქტეილის" სროლა (საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით და 187-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს პოლიციელზე თავდასხმასა და მისი ჯანმრთელობის ხელყოფას და სხვისი ნივთის დაზიანებას).

დღის ამბები