20 სექტემბერი 2024,   01:19
ვრცლად
"საქართველოს პროკურატურის ანგარიშვალდებულება" - არასამთავრობო ორგანზიაციამ "კანონის უზენაესობის ცენტრმა" კვლევა წარადგინა

"საქართველოს პროკურატურის ანგარიშვალდებულება- ამ სახელწოდებით, არასამთავრობო ორგანიზაციამ, "კანონის უზენაესობის ცენტრმა" პარლამენტის წევრებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, დიპლომატიური კორპუსსა და არასამთავრობო სექტორს კვლევა წარუდგინა.

ანგარიშში საუბარია საქართველოს პარლამენტის, საპროკურორო საბჭოსა და საზოგადოების წინაშე პროკურატურის ანგარიშვალდებულებაზე, უწყებაში დღეს არსებულ ვითარებასა და გამოწვევებზე. კვლევაში მთავარ გამოწვევად, პროკურატურის ანგარიშვალდებულების შეუსრულებლობა და საპროკურორო საბჭოს მუშაობა დასახელდა.

"საქართველოს პარლამენტს ბოლო 5 წელია არ მოუსმენია გენერალური პროკურორისთვის და გენერალური პროკურორისთვის კითხვების დასმის შესაძლებლობა არ ჰქონდათ პარლამენტის წევრებს, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს და ყველა დაინტერესებულ პირს.

მეორე მიმართულება არის საპროკურორო საბჭო, რომლის წინაშეც პროკურორი კანონმდებლობით ყოველ 6 თვეში ერთხელ უნდა წარადგენდეს ანგარიშს. დღეს ჩვენ გვაქვს მოცემულობა, როცა 2019 წლის შემდეგ არა 6 თვეში ერთხელ, არამედ წელიწადში ერთხელ იყო ანგარიშები წარდგენილი," – აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაციის "კანონის უზენაესობის ცენტრი" დირექტორი ლონდა თოლორაია.

პროკურორი, საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარე შოთა ტყეშელაშვილი აცხადებს, რომ საპროკურორო საბჭო ეფექტურად მუშაობს.

"როგორც საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარე გეტყვით, რომ საბჭო მუშაობს ეფექტურად. რაც შეეხება შეფასებას, რომ თითქოს და საპროკურორო საბჭოს საქმიანობა არ არის ეფექტური, ეს არის სუბიექტური შეფასება კონკრეტული საკითხის, რომელიც წარმოდგენილ იქნა ანგარიშის დროს, მათი ხედვა, ამაზე ჩვენ არგუმენტირებული და დასაბუთებული პასუხი გავეცით," - აცხადებს შოთა ტყეშელაშვილი.

დღის ამბები