26 მაისი 2024,   18:13
ვრცლად
ტერორისტულ დანაშაულზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაკავებულ საქართველოს ორ მოქალაქეს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

ტერორისტულ დანაშაულზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაკავებულ საქართველოს ორ მოქალაქეს საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. დაკმაყოფილდა პროკურორის შუამდგომლობა, რომელმაც დახურულ სხდომაზე ბრალდებულების მიმალვის, მათი მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის და მტკიცებულებების განადგურების საფრთხეებზე ისაუბრა. 

"სასამართლომ გაითვალისწინა ბრალდების მხარის მიერ დასახელებული საფრთხეები, რომ არსებობდა ბრალდებულების მხრიდან მიმალვის საფრთხე, დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების საფრთხე და ასევე, გამოძიებისთვის ხელის შეშლის საშიშროება და ამ გარემოებებზე დაყრდნობით, ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა ყველაზე უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა. ელექტრონული ინფორმაციით მატარებელი მოწყობილობები ამოღებულია გუშინ. ჩატარდება შესაბამისი საპროცესო მოქმედებები, ასევე ექსპერტიზები," - აცხადებს პროკურორი, მაია სილაგაძე.  

ადვოკატები გირაოს ითხოვდნენ. ერთ-ერთმა ბრალდებულმა, იადაგარ აბასოვმა სხდომაზე განცხადება გააკეთა. ის ბრალს არ აღიარებს.

ადვოკატის თქმით, ასაფეთქებელი მოწყობილობები, ასევე ელექტრონული ინფორმაციით მატარებელი მოწყობილობები დაკავების ადგილიდან ამოიღეს.

"გავაჟღერეთ პოზიცია, რომ გრიფის საიდუმლო მოეხსნას. არანაირი საიდუმლო იქ არ არის ისეთი, რომ სახელმწიფო საიდუმლოება იყოს და გრიფის საიდუმლო ყოფილიყო. ასევე, შუამდგომლობა დააყენა და ბრალდების მხარემ აღკვეთის ღონისძიება პატიმრობაზე, რაც დააკმაყოფილა სასამართლომ. ჩვენი პოზიცია იყო, რომ აღკვეთის ღონისძიება საერთოდ არ ყოფილიყო შეფარდებული და ალტერნატივის სახით დავაყენეთ გირაო 5 ათასი ლარის ოდენობით," - ამბობს იადაგარ აბასოვის ადვოკატი, თეიმურაზ ბიჭოშვილი.

მურად თავართქილაძის ადვოკატი, ნატალია წერეთელი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს.

დღის ამბები