საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს, 0.25 პროცენტული პუნქტით, 10.25%-მდე ამცირებს. გადაწყვეტილება საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა მედიის წარმომადგენლებს თავად აცნობა.
ნათია თურნავას თქმით, მოქალაქეებისთვის ყველაზე საყურადღებო და პრაქტიკული დატვირთვის მქონე არის წლიური ინფლაციის მონაცემი, რომელიც არის კლებადი.
ეროვნულო ბანკის მონაცემებით, ივნისში წლიურმა ინფლაციამ 0 .6% შეადგინა, რასაც საგარეო ფაქტორებმაც შეუწყო ხელი. მისი განცხადებით, არ არის გამორიცხული, რომ 2023 წლის ეკონომიკური ზრდა დაგეგმილ 6%-ზე მაღალიც იყოს. ეკონომიკური ზრდის ძირითადი მამოძრავებელი ფაქტორები კი ინვესტიციები და საგარეო ვაჭრობაა.
“მიზნობრივ დონეზე მეტად შემცირებული ინფლაცია გრძელვადიანი ინფლაციური მოლოდინების დამატებით ნორმალიზებას უწყობს ხელს, რაც თავის მხრივ ფასების სტაბილურობის შემდგომი წინაპირობაა. ჩვენ მიმდინარე ეკონომიკურ ვითარებას და საგარეო შემოდინებების კუთხით, ეკონომიკური ზრდის და ინფლაციის შემცირების კუთხით ძალიან პოზიტიურად ვაფასებთ.
ჩვენი ნაბიჯებით მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ცვლილებით გვინდა, რომ შევინარჩუნოთ ის პოზიტიური სტატუს კვო, რაც დღეს არსებობს ეკონომიკაში. ვგულისხმობ ინფლაციის სერიოზულ შემცირებას და ამავე დროულად მაღალი ეკონომიკური ზრდის შენარჩუნებას,“ - აცხადებს ნათია თურნავა.