15 ნოემბერი 2024,   06:13
ვრცლად
რეფინანსირების განაკვეთის 0.25%-ით შემცირებამ პოზიტიური გავლენა უნდა მოახდინოს მთლიან ეკონომიკაზე - ვახტანგ ჭარაია

ბიზნესისა და მართვის სკოლის დეკანის ვახტანგ ჭარაიას  განცხადებით, რეფინანსირების განაკვეთის 0.25%-ით შემცირებამ პოზიტიური გავლენა უნდა მოახდინოს მთლიან ეკონომიკაზე

მისივე თქმით, რეფინანსირების განაკვეთის შემსუბუქება პოზიტიურ ეფექტს იქონიებს თითოეული მოქალაქის ჯიბეზეც.

„თავის მხრივ, ასეულობით ათას რეფინანსირების განაკვეთზე მიბმულ სესხზე შემცირდება საპროცენტო განაკვეთი და შესაბამისად, ამდენივე ადამიანს შეუმცირდება იმ თანხის მოცულობა, რომელიც ბანკში უნდა გადაიხადოს. არსებული ზომიერი ინფლაციიდან და პოზიტიური მოლოდინებიდან გამომდინარე, პლუს იმის გათვალისწინებით რომ საქართველოს ეკონომიკას სჭირდება დამხმარე ძალა, იმისთვის რომ მაღალი ზრდის ტემპი აჩვენოს, კარგია რომ ეროვნული ბანკი ეხმარება ეკონომიკას.“-აღნიშნა ვახტანგ ჭარაიამ.

ჭარაია ელის, რომ მონეტარული პოლიტიკის შერბილების ტენდენცია გაგრძელდება.

„თუ რაიმე განსაკუთრებით ნეგატიური არ მოხდა, ვფიქრობ მონეტარული პოლიტიკის შერბილების ტენდენცია გაგრძელდება. ამით ისარგებლებს როგორც მოქალაქე, ასევე ჯამურად ეკონომიკა, რადგანაც რეფინანსირების განაკვეთის კლება ხელს უწყობს ეკონომიკურ ზრდას. ეს კი თავის მხრივ იწვევს დასაქმების ზრდას, მეტი ეკონომიკური ოპერაციის გაკეთებას, რომელიც ამოძრავებს სხვადასხვა მიმართულებებს, იქნება ეს საცალო გაყიდვები, ინვესტიცია თუ სხვა. შესაბამისად, მოლოდინი მაქვს, რომ მომავალშიც ეს ტრენდი გაგრძელდება და ზომიერი რეფინანსირების განაკვეთი იქნება მინიმალური დაბრკოლება იმისთვის რომ ეკონომიკური ზრდა მომდევნო წლებშიც იყოს მაღალი.“- აღნიშნა ვახტანგ ჭარაიამ.

ცნობისთვის, საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2023 წლის 2 აგვისტოს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის (რეფინანსირების განაკვეთი) 0.25 პროცენტული პუნქტით შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 10.25 პროცენტს შეადგენს.

დღის ამბები