სტიქიის ეპიცენტრში, ჟურნალისტები გუშინ პირველად შეიყვანეს. საკურორტო ზონა მეწყერმა სრულად გაანადგურა, კოტეჯებიდან კი მხოლოდ ფრაგმენტები დარჩა. სწორედ ამ ტერიტორიაზე ეძებენ მაშველები გარდაცვლილ ადამიანებს. ადგილზე მუშაობს მძიმე ტექნიკაც. სწორედ კოტეჯების ტერიტორიაზეა ნაპოვნი ცხედრები. 12 გარდაცვლილი უკვე იდენტიფიცირებულია, თუმცა ადამიანების ნაწილის ამოცნობა ამ დრომდე ვერ ხერხდება.
"ჩვენ ახლა ვიმყოფებით სტიქიის ეპიცენტრში, სადაც მუშაობს მძიმე ტექნიკა. ეს სწორედ იმ მძიმე და აქტიური სამუშაოების შედეგია, რაც გაწია ინფრასტრუქტურის სამინისტრომ და მოეწყო გადმოსასვლელი ხიდი. ხიდის საშუალებით მოხდა ექსკავატორების შემოყვანა. ეს პროცესი სადაც მიმდინარეობს, არის სწორედ ის ლოკაცია, სადაც მოხდა ცხედრების ამოსვენება – ე.წ. კოტეჯის ტერიტორია. კოტეჯები იყო გზის იქით მხარეს, ტალღის დარტყმის შედეგად წამოიღო და აქეთ არის გადმოტანილი კოტეჯების ფრაგმენტები, შესაბამისად, ის ადამიანებიც აქ იქნა ნანახი," - განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა.