15 ნოემბერი 2024,   06:40
ვრცლად
მსოფლიო ბაზარზე ბენზინი გაძვირდა - საწვავის ფასმა მოიმატა საქართველოშიც

მსოფლიო ბაზარზე ბენზინი გაძვირდა. საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, 13 აგვისტოს მონაცემებით, ფასმა ლიტრზე საშუალოდ 149,1 ბრიტანული პენსი შეადგინა. სულ რაღაც ორ კვირაში, კი 4 პენსით კიდევ გაიზარდა, რაც თებერვლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. გაძვირებულია დიზელიც - ფასი ლიტრზე 150,6 პენსია, რაც მაისის შემდეგ ყველაზე მაღალი ფასია. ნავთობის ბაზრის ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ საწვავის მარაგების შემცირების გამო, ფასებმა შესაძლოა უფრო მოიმატოს. საერთაშორისო ექსპერტები, ერთ-ერთ მიზეზად უკრაინაში რუსეთის ომსაც ასახელებენ. მათი პროგნოზით, ბრენტის ტიპის ნავთობის ფასმა, შეიძლება ბარელზე 90 დოლარს გადააჭარბოს.

მსოფლიო ბაზარზე არსებულმა ვითარებამ, გავლენა მოახდინა საქართველოზეც, სადაც საწვავი საერთაშორისო ფასების შესაბამისად გაძვირდა.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში განმარტავენ, რომ ქვეყანაში ბენზინის ფასის მატება უკვე გაძვირებული პროდუქტის იმპორტმა განაპირობა. მსოფლიოში ფასების ზრდას კი, ნავთობის მოპოვების შემცირებას, გაზრდილ მოთხოვნას და ბაზარზე არსებულ დეფიციტს უკავშირებენ.

მეზობელ ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში საწვავის ფასი მაინც უფრო დაბალია. გამონაკლისი მხოლოდ აზერბაიჯანია, რომელიც ნავთობპროდუქტების მწარმოებელი ქვეყანაა, თუმცა, 31 ივლისის მონაცემებით, მსოფლიო ბაზარზე ყველაზე იაფი რუსული ნავთობია.

ფასი სხვადასხვა ტიპის საწვავზე:

საქართველო - 0.906-დან 1.22 ევრომდე

სომხეთი - 1.026-დან 1.76 ევრო-მდე

აზერბაიჯანი - 0.53-დან 1.22 ევრო-მდე

თურქეთი - 1.15-დან 1.17 ევრო-მდე

უკრაინა - 1.129-დან 1.23 ევრო-მდე

საწვავი ბოლო რამდენიმე კვირაში საქართველოშიც გაძვირდა. მძღოლები, რომლებიც მსხვილი ბენზინგასამართი სადგურების მომსახურებით სარგებლობენ, ამბობენ, რომ მომატებული ფასი მათ ბიუჯეტზე მნიშვნელოვნად აისახება.

ექსპერტები განმარტავენ, რომ საქართველო იმპორტირებულ საწვავზეა დამოკიდებული და ფასსაც, შესაბამისად, საერთაშორისო ბაზარი განსაზღვრავს. მათივე თქმით, მსოფლიოში არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, შეუძლებელია იმის პროგნოზირება, თუ როგორ შეიძლება შეიცვალოს ნავთობპროდუქტების ღირებულება.

ფასების ზრდის დამატებით მიზეზად, სპეციალისტები ზაფხულის პერიოდსაც ასახელებენ, ვინაიდან სეზონზე საწვავზე მოთხოვნა გაზრდილია. 

დღის ამბები