15 ნოემბერი 2024,   06:28
ვრცლად
4 მილიონ ლარამდე ჯარიმა უმსხვილეს ბენზინგასამართ კომპანიებს - კონკურენციის სააგენტოს ამ გადაწყვეტილებას "სოკარი" და "ვისოლი" გაასაჩივრებენ

4 მილიონ ლარამდე ჯარიმა უმსხვილეს ბენზინგასამართ კომპანიებს - კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას "სოკარი" და "ვისოლი" გაასაჩივრებენ. "გალფს", "რომპეტროლსა" და "ლუკოილს" პოზიცია ჯერ არ დაუფიქსირებიათ.

იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე აცხადებს, რომ სანავთობო მსოფლიო ბაზარზე  ფასთან დაკავშირებული რყევები მუდამ არის. 

"ვიცი, რომ 2022 წლიდან მიმდინარეობს საკითხების შესწავლა. ამ ყველაფერს კი შევისწავლით და ჩვენს სიმართლეს ვიტყვით. სანავთობო მსოფლიო ბაზარზე სულ მუდამ არის ფასის ასეთი რყევები. 34-40 თეთრამდეა გაზრდილი ფასი, რადგან დეფიციტი შეიქმნა. არც ერთ კომპანიას არ აწყობს მაღალი ფასები, თუ ვინმემ უსაფუძვლოდ დააბრალა რაღაც მათ, ისინი თავს დაიცავენ," - აცხადებს იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვახტანგ იობაშვილი.

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ოთარ ანგურიძე კი აცხადებს, რომ მსგავსი ფაქტები წარსულშიც დაფიქსირებულა, როდესაც კომპანიებმა საწვავის ფასი თვითნებურად გაზარდეს:

"იქიდან გამომდინარე, რომ ამ კომპანიების ფინანსური მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არის დახურული, ჩვენ ერთადერთი ნდობის ვექტორი გვაქვს კონკურენციის სააგენტოზე. წარსულში გვაქვს არაერთი მაგალითი, როდესაც კომპანიები თვითნებურად ზრდიდნენ ფასს საწვავზე. გასულ წელს ჩვენ ვნახეთ სანამ პრემიერმა არ გასცა განკარგულება, მანამდე კომპანიებმა არ შეამცირეს ფასები," - აღნიშნავს ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ოთარ ანგურიძე.

საქმე ეხება კოორდინირებულად საავტომობილო საწვავის საცალო ბაზარზე მაღალი ფასების შენარჩუნებას. ბაზრის შესწავლის შედეგად დადასტურდა ხუთი კომპანიის მიერ "კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის დარღვევა. კერძოდ, შესყიდვის ან გაყიდვის ფასის ან სხვა სავაჭრო პირობების, პირდაპირ ან არაპირდაპირ დადგენა.



დღის ამბები