15 ნოემბერი 2024,   06:10
ვრცლად
გაძვირებული საწვავი, რომელიც კომპანიებს შორის გარიგებამ გამოიწვია - კონკურენციის სააგენტომ ნავთობის ბაზრის 5 უმსხვილესი მოთამაშე დააჯარიმა

კონკურენციის სააგენტოს შეფასებით, ხუთმა კომპანიამ საწვავის ბაზარზე მაღალი ფასი კოორდინირებული მოქმედებით შეინარჩუნა. 2022 წლის მარტიდან აგვისტოს ჩათვლით, კონკრეტული კომპანიებისთვის ხელმისაწვდომი იყო ევროპულ საწვავთან შედარებით, დაბალი თვითღირებულების არაევროპული ბენზინი. რიგ შემთხვევებში, კომპანიების მიერ დაბალფასიანი საწვავის რეალიზაცია მხოლოდ საბითუმო ბაზარზე ხდებოდა. მათ შორის, კონკურენტ კომპანიებზე. ევროპული და არაევროპული საწვავის შემთხვევაშიც, კონკურენტული უპირატესობა გამოყენებული არ იყო.

სააგენტოს გადაწყვეტილებით, ხუთ ეკონომიკურ აგენტს, შესაბამისი ფინანსური სანქცია - ჯამში, 4 მილიონ ლარამდე დაეკისრა.

"ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია", "ლუკოილ ჯორჯია", "სან პეტროლიუმ ჯორჯია", "სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი" და "რომპეტროლი" - დაჯარიმებული კომპანიების წარმომადგენლები, სატელევიზიო კომენტარს არ აკეთებენ. თუმცა, გავრცელებულ განცხადებებში, რეალიზატორების ნაწილი ამბობს, რომ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას გასაჩივრებენ.

საკითხის შესწავლას გეგმავენ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში. ამბობენ, რომ მსოფლიო ბაზარზე საწვავის დეფიციტის და ფასების რყევასთან დაკავშირებით, საზოგადოებას დამატებით ინფორმაციასაც მიაწვდიან.

კონკურენციის სააგენტომ დაიცვა კანონი და მომხმარებლის ინტერესები - ასეთია "ქართული ოცნების" პოზიცია. კომპანიების გარიგების და მათ შორის არსებული რაიმე შეთანხმების არ სჯერა ოპოზიციის ნაწილს.

კონკურენციის სააგენტოს მოკვლევა, განსაკუთრებით კომპანიების დახურული ფინანსური მდგომარეობის ფონზე სანდო და ობიექტურია ანალიტიკოსებისთვის. ექსპერტები ამბობენ, რომ მსგავსი ტიპის გარიგებები, მოსახლეობისა და ბიზნესის ინტერესებზე უარყოფითად მოქმედებს.

კონკურენციის სააგენტო მოკვლევის პროცესს განაგრძობს. უწყება სწავლობს მსოფლიო ბაზარზე საწვავის ფასის გაზრდის პერიოდში, საქართველოში კომპანიების მოქმედებას. კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, საავტომობილო საწვავის ბაზრის მოკვლევა 2022 წლის 16 აგვისტოს, პრემიერ-მინისტრის რეკომენდაციის და სააგენტოს მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგების საფუძველზე დაიწყო. კომპანიებთან შეხვედრებიც გაიმართა, რის შემდეგაც, ქართულ ბაზარზე ბენზინი გაიაფდა.

დღის ამბები