15 ნოემბერი 2024,   06:40
ვრცლად
დასაქმებულთა რაოდენობამ ისტორიულ მაქსიმუმს, 1 მილიონ 328 000 ადამიანს მიაღწია - ეკონომიკის ექსპერტები პოზიტიურ ტენდენციებზე საუბრობენ

ქვეყანაში დასაქმებულთა რაოდენობამ ისტორიულ მაქსიმუმს, 1 მილიონ 328 000 ადამიანს მიაღწია. უახლესი მონაცემები დღეს სტატისტიკის სამსახურმა გამოაქვეყნა. უწყების ინფორმაციით, მხოლოდ წელს დასაქმებულთა რიგებს 57 000-ზე მეტი მოქალაქე შეუერთდა. პარალელურად, მნიშვნელოვანი კლებაა უმუშევრობის მხრივ. საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის მეორე კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ეკონომიკურად აქტიურ მოსახლეობაში დასაქმების დონე 2.1%-ით გაიზარდა, უმუშევრობის მაჩვენებელი კი მოსახლეობის სრულ რიცხოვნობასთან მიმართებით, 1.4%-ით შემცირდა.

ქვეყანაში უმუშევრობის დონის შემცირებას ეკონომიკურ ზრდას უკავშირებენ მინისტრთა კაბინეტში. ეკონომიკურ გუნდში ამბობენ, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის პოზიტიური მაჩვენებელი ქვეყანაში დასაქმებულთა რაოდენობის ზრდას განაპირობებს.

საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს და უმუშევრობის შემცირებას ოპოზიცია ქვეყნიდან მუშა ხელის გადინებას უკავშირებს. მმართველი გუნდი კი ამ არგუმენტს სპეკულაციურს უწოდებს და ოპონენტებს მზარდ ეკონომიკურ მაჩვენებლებს ახსენებს.

საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ციფრები პოზიტიური ტენდენციის მაჩვენებელია ეკონომიკის ექსპერტებისთვის. მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის პარალელურად, ექსპერტები დასაქმებულთა დონის ეტაპობრივად ზრდას ვარაუდობენ.

ოფიციალური მონაცემებით, მიმდინარე წელს ახალ დასაქმებული 57 000 ადამიანიდან, დაქირავებულთა რაოდენობა 48 000-ს, თვითდასაქმებულთა რაოდენობა კი 9 000-ს შეადგენს. სტატისტიკის ბოლო მონაცემებით, დასაქმების ზრდა ფიქსირდება სამუშაო ძალის ზრდის პარალელურად.

ავტორი: ლიზა თოფურია

დღის ამბები