17 ივნისი 2024,   18:29
ვრცლად
60 წელს გადაცილებულმა კაცმა მეუღლე დანით მოკლა - თვითმხილველები "კურიერს" უყვებიან, რომ ქალი სიკვდილამდე მეუღლეს თავის დანებებას სთხოვდა

სოფელ ხანდაკში, სიმონიშვილების ოჯახის საცხოვრებელი სახლიდან, ხმაური მეზობლებმა დილით, დაახლოებით, 11 საათისთვის გაიგეს. თვითმხილველები იხსენებენ, რომ ადგილზე მისვლიდან რამდენიმე წუთში, 65 წლის ქალი, რომელსაც მეუღლემ ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა, გარდაიცვალა. ადგილობრივებს მოტივზე საუბარი უჭირთ, ამბობენ მხოლოდ ერთს, რომ მამაკაცს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და პარალელურად, მეუღლეზე ეჭვიანობდა.

შემთხვევიდან მალევე, თამაზ სიმონიშვილი პოლიციამ დააკავა. მეზობლები ამბობენ, რომ ის პოლიციას დანაშაულის ადგილას დახვდა. საქმეზე უკვე დაწყებულია გამოძიებაც. სამართალდამცველებმა, სავარაუდოდ, ადგილიდან ის დანაც ამოიღეს, რომლითაც სიმონიშვილმა მეუღლეს ჭრილობები მიაყენა, მათ შორის, სახის არეში.

სოფელში სიმონიშვილების ოჯახს დადებითად ახასიათებენ, თუმცა, იმასაც ამბობენ, რომ ცოლ-ქმარი ხშირად კამათობდა. მეზობლები ამბობენ, რომ მათი სახლიდან ჩხუბის ხმა არაერთხელ გაუგიათ, თუმცა, კონკრეტულად, რა იყო კამათის მიზეზი, მათთვის უცნობია.

კასპში მომხდარ ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 11 პრიმა, 109 მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

დღის ამბები