15 ნოემბერი 2024,   06:27
ვრცლად
დაგროვებითი პენსიის არსებული მოდელი, 2028 წლის პირველ იანვრამდე უცვლელი რჩება -  შესაბამისი პროექტი დეპუტატებმა პირველი მოსმენით უკვე მიიღეს

დღეს, არსებული დაგროვებითი პენსიის მოდელი 2028 წლის პირველ იანვრამდე უცვლელი დარჩება. შესაბამისი პროექტი დეპუტატებმა პირველი მოსმენით უკვე მიიღეს. კანონპროექტის საბოლოო ვერსიით, დასაქმებულები აქამდე არსებულ დაბალრისკიან სისტემაში დარჩებიან.

საშემოდგომო სესიაზე, დეპუტატები პროექტს საბოლოო სახეს მისცემენ. მეორე მოსმენით საკითხის განხილვა 4 სექტემბერს ჯანდაცვის კომიტეტზეა ჩანიშნული. პირველი მოსმენით კანონპროექტი უკვე გავიდა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზეც. კომიტეტის თავმჯდომარე განმარტავს, რომ კანონის ამოქმედების შემდეგ, დასაქმებული, საპენსიო დანაზოგს, მაღალრისკიან პორტფელში მხოლოდ საკუთარი სურვილის შემთხვევაში გადაიტანს.

საპენსიო პორტფელებზე დღეს განმარტება ეკონომიკის სამინისტროშიც გაკეთდა. უწყებაში ამბობენ, რომ რეფორმის მიმდინარეობის დროს დამატებითი საჭიროებები გამოიკვეთა, რომელიც მოქალაქეებს გათვითცნობიერებული არჩევანის გაკეთების საშუალებას მისცემს.

საპენსიო სააგენტოსა და ეროვნული ბანკის წარმომადგენელმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე კიდევ ერთხელ განმარტეს, რომ მოქალაქეების დაგროვებით პენსიას არანაირი საფრთხე არ ემუქრება და თანხის დაკარგვის რისკებზე გავრცელებული ინფორმაცია, სიმართლეს არ შეესაბამება.

დასაქმებულების მხრიდან, საპენსიო პორტფელების არჩევანის თავისუფლების დადებით მხარეებზე საუბრობენ ექსპერტები. როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, იმ შემთხვევაში თუ მოქალაქე დანაზოგს მაღალრისკიან სისტემაში ჩადებს, კაპიტალი მაღალი, ფინანსები კი დაზღვეული იქნება.

ამ დროის მონაცემებით, საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 426 000 ადამიანია, 4 800-ზე მეტ პირზე პენსიის სახით გაცემული თანხა კი უკვე 12 მილიონს აჭარბებს.

დღის ამბები