ზურაბ ხოსიტაშვილმა მცირე ბიზნესი 6 წლის წინ დაიწყო. მეწარმეს დღეს საკუთარი ავეჯის სახელოსნო აქვს. ამბობს, რომ წარმატების მიღწევაში სახელმწიფო პროგრამა დაეხმარა. საგრანტო პროექტებში ჩართვის სურვილი ყოველ წელს იზრდება. მიკრო და მცირე მეწარმეობის პროგრამას 2023 წელს 1 000 ზე მეტი გამარჯვებული ჰყავს.
თამარ აბულაძე ღვინის ქვის სამკაულებს აწარმოებს. ღვინის თემატიკით ამზადებს ჩანთებს, მაისურებს, სხვადასხვა ნივთებს. დანადგარების შეძენა მცირე მეწარმეობის პროგრამით მოახერხა და ბიზნესის გაფართოებასაც გეგმავს, რაც მისი თქმით, ადამიანების დასაქმების საშუალებას მისცემს.
მიკრო და მცირე წარმოების საგრანტო პროგრამას სააგენტო 2015 წლიდან ახორციელებს. მიმდინარე წელს გამარჯვებულთა 25 პროცენტზე მეტი ახალგაზრდა მეწარმეა. მიკროწარმოების განვითარების დეპარტამენტში ამბობენ, საგრანტო პროგრამაში გამარჯვებული პროექტების შედეგად, 3 000 ადამიანი დასაქმდება. განმარტავენ, რომ ბიზნესების განვითარებასთან ერთად, მათი მიზანი, თანამედროვე სამეწარმეო კულტურის დამკვიდრება და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაა.
პროგრამის მიხედვით, ბენეფიციარის თანამონაწილეობის თანხამ მოთხოვნილი გრანტის არანაკლებ 50% უნდა შეადგინოს, მაღალმთიან დასახლებებში კი 25. გამარჯვებული მეწარმე ვალდებულია გრანტის მიზნობრიობაც განსაზღვროს. 2015 წლიდან 2022 წლის ჩათვლით, მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის საგრანტო პროგრამის ფარგლებში, 8 ათასზე მეტი პროექტი დაფინანსდა, ინვესტიციების რიცხვი 116 მილიონს აჭარბებს, დასაქმებულთა რაოდენობა კი 21 000-ზე მეტია.