15 ნოემბერი 2024,   06:41
ვრცლად
ეკონომიკური ზრდა საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობამ, მშენებლობამ, ვაჭრობამ, პროფესიულმა, სამეცნიერო და ტექნიკურმა დარგებმა განაპირობეს - 2023 წლის პირველი 7 თვის მონაცემებით, მშპ-ს ზრდამ 7%-ს გადააჭარბა

საქართველოს ეკონომიკა ისევ ზრდას განაგრძობს. მხოლოდ წლევანდელი წლის პირველი 7 თვის მონაცემებით, რეალურმა მთლიანმა შიდა პროდუქტის ზრდამ 7 პროცენტს გადააჭარბა.

ეკონომიკური ზრდა, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ისეთმა დარგებმა განაპირობა, როგორიცაა საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, მშენებლობა, ვაჭრობა, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები.

საქართველოში ბოლო პერიოდში არსებული დადებითი ტენდენციები, მთავრობის ეკონომიკურ გუნდს პოზიტიური პროგნოზის გაკეთების შესაძლებლობას აძლევს. ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროებში ამბობენ, რომ ეკონომიკური ზრდა მომდევნო თვეებშიც შენარჩუნდება.

ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ექსპორტ-იმპორტის მიმართულებით დადებითმა ტენდენციებმაც განსაზღვრეს. 2023 წლის იანვარ-ივლისში, ექსპორტი 3 მილიარდ 500 მილიონზე მეტი, იმპორტი კი 8 მილიარდ 500 მილიონზე მეტი დოლარი იყო. საერთო ჯამში, საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 12 მილიარდ 105 მილიონი დოლარი შეადგინა.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ ეს მაჩვენებელი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაზე ნაკლებად აისახება, მმართველ გუნდში კი დარწმუნებულები არიან, რომ არსებული ტემპებით, მთლიანი შიდა პროდუქტის ნომინალური მონაცემები ევროპულ სტანდარტს გაუტოლდება.

ექსპორტის სტიმულირება, ტურიზმის შემოსავლები, ვალუტის კურსის სიმყარე - ანალიტიკოსები ეკონომიკური ზრდის გამომწვევ ფაქტორებზე საუბრობენ და მის გრძელვადიან ეფექტურობაზე ამახვილებენ ყურადღებას. ექსპერტების შეფასებით, მთავრობის სწორი პოლიტიკის შედეგად, საქართველოს ევროკავშირის ბევრ სხვა ქვეყანასთან შედარებით, გაცილებით გაუმჯობესებული მაჩვენებლები აქვს.

ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასების დათვლილ მაჩვენებლებს, საქსტატი მომდევნო თვის ბოლოსაც გამოაქვეყნებს.

დღის ამბები