იანვარ-ივლისში ქვეყნის ეკონომიკური ზრდა 7.2%-ს შეადგენს - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ხელისუფლებამ ქვეყანაში ინფლაციის დასაწევად ეფექტური ნაბიჯები გადადგა, რის შედეგადაც აგვისტოს თვეში ინფლაციის დონემ 0.9% შეადგინა.
პრემიერის თქმით, მაღალი აქტივობა ფიქსირდება ბიზნესსექტორში და მეორე კვარტალში ბრუნვა 15%-ით გაიზარდა.
"მაღალი ეკონომიკური ზრდა გრძელდება, იანვარ-ივლისში ჩვენი ეკონომიკური ზრდა არის 7.2%.
ინფლაცია, რომელიც გამოწვევა იყო, არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის, უნდა ითქვას, რომ ინფლაციის დასარეგულირებლად, დასაწევად, საკმაოდ ეფექტური ნაბიჯები გადავდგით და 0.9% არის ინფლაცია აგვისტოს თვეში, რაც არის ძალიან დიდი მიღწევა მაშინ, როდესაც გამოწვევად რჩება ჯერ კიდევ ევროპაში, ამერიკაში, მთელ განვითარებულ სამყაროში მაღალი ინფლაცია და მაღალი ფასები.
ძალიან მაღალი აქტივობა არის, ზოგადად, ბიზნეს სექტორში. მაგალითისთვის გეტყვით, რომ მეორე კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვა გაიზარდა 15%-ით და შეადგინა 48 მილიარდი ლარი და ორ კვარტალში ჯამურად 92 მილიარდი ლარს გადასცდა მთელი ბიზნეს სექტორის ბრუნვა, რაც ძალიან მისასალმებელია, იმიტომ, რომ ჩანს, ბიზნესი მოგვყვება, არის უფრო მეტი თავდაჯერებულობა, პროგნოზირებადობა, განჭვრეტადობა არის ქვეყანაში და ეს ჩვენ ყველაფერი, რა თქმა უნდა, უნდა შევინარჩუნოთ, მაღალი ტემპებით უნდა გავაგრძელოთ ზრდა.
მეორე კვარტალში ბიზნესსექტორში სამუშაო ადგილების რაოდენობა გაიზარდა 42 000-ით და შეადგინა 737 000, რაც ძალიან მისასალმებელია. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ზოგადად უმუშევრობის დონე არის ისტორიულ მინიმუმზე ჩამოსული. სიღარიბის დონეც ისტორიულ მინიმუმზეა, ხოლო ქვეყნის რეზერვები ისტორიულ მაქსიმუმზეა და 5,5 მილიარდ დოლარს შეადგენს. ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა ძლიერდება, ვითარდება, მდიდრდება და ამას სჭირდება შენარჩუნება. რა თქმა უნდა, ეს შემთხვევით არ მომხდარა. ეს არის ჩვენი სწორი პოლიტიკის შედეგი. ამ ტემპებს კიდევ უფრო მეტად გაძლიერება სჭირდება.
ჩვენ მაქსიმალურად გავაკონტროლებთ ინფლაციის დონეს. 0.9% არის ინფლაცია და ნიშნავს იმას, რომ ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ მიზნობრივ მაჩვენებელს 3%-ს ქვემოთ ნარჩუნდება ინფლაციის დონე. ფასები, მაგალითად, საწვავის, მედიკამენტების, სურსათის ფართოდ მოხმარებადი პროდუქტების, არის ამ პროდუქტებზე დაკლებული ფასები. ამას ჩვენ რეგულარულად შევამოწმებთ.
რამდენიმე დღის წინ მქონდა საუბარი კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელთან, მივმართე თხოვნით, რომ კიდევ ერთხელ შეამოწმოს თუ რამდენად კეთილსინდისიერად მარჟების დაწესება ძირითად მოხმარებად პროდუქტებზე. ასე რომ, ჩვენ ამ საქმიანობას გავაგრძელებთ კოორდინირებულ მოქმედებას ეროვნულ ბანკთან ერთად," - აცხადებს პრემიერ-მინისტრი.