ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, საქართველოში ბრიტანელი ღვინის მაგისტრი, ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის ხელმძღვანელი სარა ებოტი და ღვინის პროფესიონალების 12-კაციანი ჯგუფი იმყოფება.
ქართული ღვინის ინდუსტრიის გაცნობის ტურის ფარგლებში, სტუმრები ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიებს კახეთში ეწვივნენ, დააგემოვნეს სხვადასხვა სტილის ქართული ღვინოები.
"მე აქ ვიმყოფები დიდი ბრიტანეთის ღვინის იმპორტიორების და ღვინის ჟურნალისტების ჯგუფთან ერთად. ისინი პირველად არიან საქართველოში, თუმცა ყველა ძალიან გამოცდილი ღვინის პროფესიონალები არიან. ჩვენ დავიწყეთ მოგზაურობა თელავში, ქვევრის ღვინის მწარმოებელ ზაზა კბილაშვილთან სტუმრობით. ახლა ვართ რუისპირის ბიოდინამიურ ვენახში, რომელიც ძალიან საინტერესოა ჩვენი სტუმრებისთვის, რადგან ბევრი მათგანი უკვე იცნობს ბიოდინამიურ ვენახებს. ეს არის პირველი ქართული ბიოდინამიური ვენახი, რომელიც მათ ნახეს," - აღნიშნა სარა ებოტმა.