„სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამა“ (ENPARD) - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ევროკავშირის პროგრამის მმართველი კომიტეტის სხდომას დაესწრო. ოთარ შამუგიამ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების საქმეში მუდმივი მხარდაჭერისთვის ევროკავშირს მადლობა გადაუხადა.
მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა სოფლის განვითარების სააგენტოს ინსტიტუციურ რეფორმაზე და გეგმებზე.
„ეს პროგრამა ხელს უწყობს საქართველოში სურსათის უვნებლობის, სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების მიმართულებით ტრანსფორმაციას. პროგრამა, რომელიც უკვე დიდი ხანია გრძელდება, სურსათის წარმოების კუთხით დადებით ცვლილებებს და რეგიონში მცხოვრები ხალხის ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერებას უწყობს ხელს. აღნიშნული პროგრამა ერთ-ერთი მაგალითია, როგორ შეიძლება ევროკავშირმა მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროპული სტანდარტების დანერგვაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე,“- აცხადებს ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელი ნიკოლას სენდეროვიჩი.