15 ნოემბერი 2024,   03:50
ვრცლად
როდის აღდგება საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამა და რა პროგნოზები აქვს ქვეყნის ეკონომიკურ გუნდს

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ დღეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის დროებით შეჩერების მიზეზები განმარტა. ეროვნული ბანკის მმართველი საბჭოს დაკომპლექტების წესი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტისთვის რამდენიმე თვეა პროგრამის დაპაუზების საფუძველი გახდა. კაკაურიძის თქმით, ფონდის ტექნიკურ მისიასთან მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს და გამორიცხული არაა პროგრამა წლის ბოლომდე აღდგეს.

აემეფის პროგრამის შეწყვეტას ქვეყნის საინვესტიციო მიზიდულობისთვის მიყენებულ დარტყმას უწოდებენ ოპოზიციაში. ხელისუფლების ოპონენტების აზრით, ფონდის მიდგომა ქვეყნის მონეტარულ სტაბილურობაზეც ნეგატიურად აისახება, რაც უშუალოდ მოქალაქეების მატერიალურ მდგომარეობასაც დააზიანებს.

ოპონენტების არგუმენტებს სპეკულაციურს უწოდებენ საპარლამენტო უმრავლესობაში. საფინანსო კომიტეტის თავმჯდომარის განმარტებით, წლებია ეროვნული ბანკის რეზერვების შესავსებად საქართველოს სავალუტო ფონდის დახმარება არ დასჭირვებია.

საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის მხრიდან სებთან დაკავშირებული პრობლემების გამო გადადგმულ ნაბიჯს გამაფრთხილებელ სიგნალს უწოდებს "გირჩი." პოლიტიკურ ცენტრში ბანკის არსებულ მოდელთან დაკავშირებით საჯარო განხილვების აუცილებლობაზე აკეთებენ აქცენტს.

სავალუტო ფონდის პროგრამა რომ დროებით შეჩერებულია ეს არც მმართველ გუნდში მოსწონთ, თუმცა ოპონენტებს საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე თემით მანიპულირებისგან თავშეკავებას ურჩევენ. ამბობენ, რომ ეროვნული ბანკი ფონდთან აქტიურ დიალოგს აწარმოებს, რასაც მალე მდგომარეობის ძველი კალაპოტში დაბრუნება მოჰყვება.

სების პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი სავალუტო ფონდის ტექნიკურ მისიას რამდენიმე დღის წინ უკვე შეხვდა. დაპაუზებული პროგრამის აღდგენის აუცილებლობაზე საუბარი იყო ნათია თურნავასა და ევროკკავშირის ელჩის შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემაც.

 

დღის ამბები