მიმდინარე წლის ბიუჯეტში ცვლილებებს, დღეს თავდაცვის კომიტეტშიც განიხილავენ. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის შემაჯამებელი სხდომა კი ორშაბათს უნდა შედგეს. ცვლილების მიხედვით, თითქმის 22 მილიარდიანი ბიუჯეტი 500 მილიონი ლარით იზრდება.
მობილიზებული თანხა სხვადასხვა პროექტების დაფინანსებას, ჯანდაცვის, განათლებისა და ეკონომიკის, ასევე სოციალურ მიმართულებებს უნდა მოხმარდეს. ბიუჯეტში შეტანილ ცვლილებებს დღეს მთავრობის სხდომაზე დაამტკიცებენ.
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, თავდაცვის სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტი იზრდება.
"იზრდება თავდაცვის სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტი, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ხელისუფლება ძალიან დიდ ყურადღებას უთმობს როგორც თავდაცვითი, ასევე საზოგადოებრივი მართლწესრიგის შესაძლებლობების შემდგომ გაძლიერებას. ცვლილებები არის მისასალმებელი და ჩვენი კომიტეტი, რასაკვირველია, ამ ცვლილებებს მხარს დაუჭერს ",- განაცხადა ირაკლი ბერაიამ.