ამ წუთებში სუსში, სამოქალაქო არეულობის და დესტაბილიზაციის შექმნის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სერბეთის მოქალაქეებს, ჯგუფ "კანვასის" წევრებს გამოკითხვაზე ელოდებიან.
ამ საქმეში სუსს სწორედ "კანვასი" ჰყავს ერთ-ერთ მთავარ აქტორად მოხსენიებული, რომელთა წარმომადგენლებიც, გავრცელებული ცნობით, საქართველოში ატარებენ ტრენინგებს. ეს ადამიანები ცოტა ხნის წინ იმყოფებოდნენ თბილისის ერთ-ერთ სასტუმროში, თუმცა მათ მედიასთან გასაუბრება არ ისურვეს და ტერიტორია უკომენტაროდ დატოვეს, თუმცა "კურიერის" კამერამ ადგილზე საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები გადაიღო, მათ შორის საიას თავმჯდომარეც. მათ მოგვიანებით დაადასტურეს, რომ შეხვედრა ჰქონდათ სწორედ "კანვასის" წევრებთან.
"ტრენინგია... [სერბები მაგ ტრენინგში მონაწილეობდნენ]. ჟურნალისტის კითხვაზე, რას ეხება ტრენინგი? - სამოქალაქო აქტივიზმს ეხება და იყო ჩვეულებრივი ტრენინგი," - იმის "კურიერის" მიერ ფარულად ჩაწერილ ჩანაწერში.
ცნობისთვის, 18 სექტემბერს სუსმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ გაშიფრულია გეგმა, რომლის თანახმად, კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების პროცესის პარალელურად, საქართველოში სამოქალაქო არეულობა იგეგმება. კერძოდ, დესტრუქციული პროცესების დაწყების პერიოდად ოქტომბერ-დეკემბერი სახელდება, მთავარი შემსრულებლები კი გიორგი ლორთქიფანიძე, მიხეილ ბატურინი და მამუკა მამულაშვილი არიან. გეგმის განხორციელება უცხო ქვეყნების კოორდინაციითა და ფინანსური მხარდაჭერით არის დაგეგმილი. გეგმის ერთ-ერთ მთავარ აქტორად მოხსენიებულია ორგანიზაცია "კანვასი," რომელთა წარმომადგენლებიც საქართველოში ტრენინგებს ატარებენ.