06 ოქტომბერი 2024,   21:39
ვრცლად
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო და გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი თბილისობის დღესასწაულს მრავალფეროვანი და მასშტაბური ღონისძიებით შეუერთდა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო და გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი თბილისობის დღესასწაულს მრავალფეროვანი და მასშტაბური ღონისძიებით შეუერთდა.

მუზეუმში ყველა ასაკის დამთვალიერებლისთვის საინტერესო და მრავალფეროვანი ღონისძიებები გაიმართა და მათ კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრო. ანსამბლებმა საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ფოლკლორული კონცერტები, პერფორმანსები, ადგილობრივი სამზარეულო, ღვინის კუთხეები და ქართული ტრადიციული რეწვის მასტერკლასები წარმოადგინეს.

ღონისძიების ფარგლებში ეთნოგრაფიულ მუზეუმში სამეფო ნაციონალური ბალეტის - „ფოცხიშვილების“, ანსამბლის „დიდგორი“ და ანსამბლის „მართვე“ მონაწილეობით გალაკონცერტი გაიმართა. 1-ელ ოქტომბერს თბილისქალაქობის დღესასწაულზე თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმი აფხაზეთს, იმერეთს, ქვემო ქართლს, აჭარასა და სამეგრელოს უმასპინძლებს.

შეგახსენებთ, რომ 30 სექტემბერს ეთნოგრაფიულ მუზეუმში თბილისობაზე მონაწილეობდნენ სვანეთი, შიდა ქართლი, სამეგრელო, გურია და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია. აღნიშნულმა რეგიონებმა ღონისძიებაზე წარადგინეს ეთნოგრაფიული პერფორმანსები, მრავალფეროვანი გამოფენები, რეგიონული სამზარეულოს მასტერკლასები და ადგილობრივი ფოლკლორი.

თბილისობის/თბილისქალაქობის დღესასწაული ყოველწლიური საშემოდგომო ფესტივალია, რომელიც სათავეს 1979 წლიდან იღებს. ამგვარი ღონისძიებები წარმოაჩენს და ხელს უწყობს ქართული და ასევე, საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების კულტურის განვითარებასა და პოპულარიზაციას, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

ეთნოგრაფიულ მუზეუმში თბილისობის აღნიშვნის ტრადიცია 2022 წლიდან აღდგა და ყოველწლიურად აღინიშნება.

დღის ამბები