21 აგვისტო 2026,   00:17
ვრცლად
მნიშვნელოვანია, რომ სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა შექმნიდან მოკლე დროში მოახერხა საერთაშორისო ქსელის ყველა კრიტერიუმის დაკმაყოფილება - კოკა კაციტაძე

სპეციალური საგამოძიებო სამსახური ლონდონში, სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების საერთაშორისო ქსელის ყოველწლიურ გენერალურ ასამბლეაზე, ორგანიზაციის წევრად აირჩიეს.

შეხვედრას, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მეტროპოლიტენის პოლიციამ "ნიუ სკოტლანდ იარდში" უმასპინძლა. ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი კოკა კაციტაძე.

სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების საერთაშორისო ქსელში 26 ქვეყანაა გაერთიანებული.

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა შექმნიდან მოკლე დროში მოახერხა ამ მეტად მნიშვნელოვანი საერთაშორისო ქსელის ყველა კრიტერიუმის დაკმაყოფილება, რაც საქართველოს აძლევს საშუალებას ჰყავდეს თავისი წარმომადგენელი ამ ორგანიზაციაში ისეთი სამსახურების გვერდით, როგორიც არის ინგლისის, საფრანგეთის, ესპანეთის, ნორვეგიის, ბელგიის და ევროკავშირის წევრი სხვა ქვეყნების საგამოძიებო და საზედამხედველო ფუნქციის მქონე დამოუკიდებელი ორგანოები, რომლებიც ერთობლივად იმუშავებენ ეფექტური გამოძიების სტანდარტებზე და ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებაზე", - განაცხადა კოკა კაციტაძემ. 

დიდი ბრიტანეთის მეტროპოლიტენის პოლიციის ანტიკორუფციული სამსახურის უფროსის განცხადებით, ქართული დელეგაციას საერთაშორისო გამოცდილებას გაუზიარებენ. 

"ძალიან მნიშვნელოვანი და სასიამოვნოა ის, რომ საქართველო სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების საერთაშორისო ქსელში გაწევრიანდა. ჩვენ, შემდგომი რამდენიმე დღე საკმაოდ დატვირთული განრიგი გვაქვს "სკოტლანდ იარდში". ქართული დელეგაცია შეხვდება ჩვენს უფროს კომისარს. გავუზიარებთ საერთაშორისო გამოცდილებას და განვიხილავთ მეტროპოლიტენის პოლიციის მუშაობას", - განაცხადა ტონი ო’სალივანიმ.

ICIN აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის, მარტინ ვალფრიდსონის განცხადებით, წევრობის ძირითადი კრიტერიუმი, პოლიციის თანამშრომლების და მათ მიერ შესრულებული საქმიანობის გამოძიებაა. 

"ჩვენ მოხარულები ვართ იმ ფაქტით, რომ საქართველოს სპეციალური საგამოძიებო სამსახური ამ საერთაშორისო ქსელის ახალი წევრი გახდა. წევრობის ძირითადი კრიტერიუმი, რა თქმა უნდა, პოლიციის თანამშრომლების და მათ მიერ შესრულებული საქმიანობის გამოძიებაა. ეს არის ის, რაც ყველა ასოციაციაში შემავალ წევრ ქვეყანას აერთიანებს. ამ ასოციაციაში გასაწევრიანებლად საქართველოს სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ყველა პუნქტი დააკმაყოფილა, და დღეს, საქართველო უკრაინასთან, ბერლინთან და ფინეთის ქვეყნებთან ერთად მივიღეთ ამ ასოციაციაში", - განაცხადა მარტინ ვალფრიდსონიმ. 

დღის ამბები