25 აგვისტო 2026,   22:56
ვრცლად
სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანისა და მისთვის შესაბამისი პირობების შექმნის მომზადებისთვის დაკავებულების სასამართლო დღეს გაიმართება - ადვოკატი ორივე დაკავებულის გათავისუფლებას მოითხოვს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის მიერ დაკავებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების აღკვეთ ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. ორი დაკავებული, რომელსაც ბრალი გუშინ უსაფრთხოების სამსახურის შენობაში წარუდგინეს, თბილისში ერთდროულად, ორ ლოკაციაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად აიყვანეს.

საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მომზადებისა და მისთვის შესაბამისი პირობების შექმნის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარებული ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით, ამოღებულია, მათ შორის, სამხედრო აღჭურვილობა, საბრძოლო მასალა და დროშა ტერორისტული ორგანიზაცია ისლამური სახელმწიფოს სიმბოლიკით.

ორივე მამაკაცი - რუსეთისა და აზერბაიჯანი მოქალაქეები უკვე თბილისის საქალაქო სასამართლოში არიან. გამოძიების მიზანია იმის დადგენა, თუ რა კავშირი ჰქონდათ დაკავებულ პირებს ტერორისტულ ორგანიზაციასთან და ასევე, ვინ არის პირი, რომლის შემოყვანაზე დახმარებაზეც არის საუბარი. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქმე ეხებოდა მიგრანტის საზღვარზე უკანონოდ დაკავების მომზადების ფაქტს და ამ პირისთვის შესაბამისი პირობების შექმნას საქართველოში. ამ ფაქტთან დაკავშირებით მოხდა დაკავება და საქმე ორი მუხლით აღიძრა.

ადვოკატი „კურიერთან“ ამბობს, რომ ამ ეტაპზე, აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლომ ერთ მუხლთან დაკავშირებით უნდა იმსჯელოს, რაც გულისხმობს იარაღის უკანონო შეძენა-შენახვასა და ასაფეთქებელი მოწყობილობების უკანონოდ შეძენა-შენახვას.

„როგორც ბრიფინგზე გაჟღერდა, მიგრანტის გადმოყვანასთან დაკავშირებით, ამ მუხლით მათ ბრალდება არ წარედგინათ (სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით არ არის მტკიცებულებები მოცემული სისხლის სამართლის საქმეში). შესაბამისად, ამ მუხლითაც არ იყო მტკიცებულებები. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები არ ცნობენ თავს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და შემხებლობას აღნიშნულ ასაფეთქებელ ნივთიერებებთან უარყოფენ. ვინაიდან მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ არის მტკიცებულებები, ვითხოვთ, აღკვეთის ღონისძიებების გარეშე დატოვებას,“ - აცხადებს ადვოკატი ანა შიშნიაშვილი.

დღის ამბები