საქართველოში ევროკავშირის ელჩი ქართულ პოლიტიკურ სპექტრს, 9 დათქმაზე ერთობლივად მუშაობისკენ მოუწოდებს.
"ჩვენ გვსურს, ყველამ ითამაშოს მისი როლი, ხელისუფლება იყოს ინკლუზიური, ოპოზიცია იყოს კონსტრუქციული და დავინახოთ იმდენი პროგრესი, რამდენიც შესაძლებელია, რომ საქართველო რაც შეიძლება სწრაფად გადავიდეს შემდეგ ნაბიჯებზე", - აცხადებს პაველ შერჩინსკი.
დიპლომატი იმედოვნებს, რომ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება დადებითი იქნება და ქართული პოლიტიკური სპექტრის დეპოლარიზაციას შეუწყობს ხელს.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "საქართველოსთვის" თავმჯდომარის ბექა ლილუაშვილის განცხადებით, ისინი დღეს, ევროკავშირში გაწევრიანების დაჩქარების სამოქმედო გეგმას წარადგენენ.
"ჩვენ, დღეს, წარვადგენთ ამ დათქმებისა და ევროკავშირში გაწევრიანების დაჩქარების სამოქმედო გეგმას. პარლამენტში შეიქმნას, შეფასებაში მოცემული დათქმების რეფორმების შესრულებისთვის აუცილებელი სამუშაო ფორმატები. კვლავაც მოვუწოდებთ "ოცნებას" ერთობლივი მუშაობის დაწყებისკენ. ასევე, მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ აქტორს, ჩაერთონ ამ პროცესში, გვერდზე გადადონ პარტიული ინტერესები", - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.
"გირჩის" წევრის იაგო ხვიჩიას განცხადებით, "გირჩი" კონსტრუქციულია და მუშაობისთვის მზად არის, თუმცა სხვებს კონსტრუქციული თანამშრომლობ არ უნდათ.
"არ უნდოდათ არანაირი კონსტრუქციული თანამშრომლობა. ჩვენ ცვლილება არ გვჭირდება ამ რჩევის შესაბამისად. ბატონი ელჩის რჩევა რომც გავიზიაროთ, უნდა დავრჩეთ ისეთივე კონსტრუქციულები, როგორებიც აქამდე ვიყავით. მაგრამ, სხვები შეიძენენ თუ არა კონსტრუქციულობის ნიშან-თვისებას ამ რჩევის მერე და იმ საჭიროებების მერე, რაც ქვეყანაში დგას, ნამდვილად ვერ გეტყვით. ვიღაცას არ შეუძლია რაღაც, ის ასეთია და შესაბამისად, უნდა გამოვცვალოთ, რადგან ოპოზიციის თვიდან აღზრდა არ გამოვა", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
პარლამენტის წევრის თამარ კორძაიას განცხადებით, სამართლიანობა მოითხოვს, რომ მოქალაქეების მიერ გაკეთებული არჩევანი, პარლამენტში ადეკვატურად იყოს ასახული.
"არსებობენ პარტიები, რომლებიც გადალახავენ 3%-იან ბარიერს და ამ 3%-იან პარტიებს ჰყავთ თავიანთი მხარდამჭერები, რომლებიც შესაძლოა მომავალ პარლამენტში გამრავლდნენ. სამართლიანობა გულისხმობს იმას, რომ მოქალაქეების მიერ გაკეთებული არჩევანი, ადეკვატურად უნდა იყოს ასახული პარლამენტში. თუ ამისთვის 5%-ი საკმარისია, მაშინ იყოს 5%, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ ამისთვის ეს საკმარისი არ არის", - განაცხადა თამარ კორძაიამ.