შეძლებს თუ არა ოპოზიცია გაერთიანებას. პოლიტიკური დისკუსიის თემა მიხეილ სააკაშვილის და მამუკა ხაზარაძის ფეისბუქ სტატუსებია.
"პოლიტიკოსებს უნდა ახსოვდეთ, რომ რაღაც ეტაპზე გაერთიანება გარდაუვალი იქნება," - წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში და აცხადებს, რომ გადაკვეთის წერტილებს ყველაზე მოულოდნელ ძალებთანაც პოულობს.
სააკაშვილს მაგალითად მოჰყავს იაგო ხვიჩიას "გირჩი", რომელთანაც, მისივე თქმით, რამდენიმე საკითხში პოზიციების თანხვედრა აქვს.
"შუა უნდა შეიკრიბოს" - ეს კი უკვე მამუკა ხაზარაძის განცხადებაა. "ლელოში" განმარტეს, რომ ეს არ იყო პასუხი მიხეილ სააკაშვილისთვის. როგორც პარტიაში აცხადებენ, მნიშვნელოვანია "ნაციონალური მოძრაობის" და "ქართული ოცნების" მიღმა პროდასავლური ძალების წარმოჩენა.
"ლელო საქართველოსთვის" გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე აცხადებს, რომ "ლელო" ძლიერი ალტერნატივაა.
"შუა უნდა გაიკრიფოს, შემდეგ შუა უნდა შეიკრიბოს. ამ ბუღალტერიაში არ შევდივარ მაგრამ ფაქტია, რომ ალტერნატივა უნდა გაჩნდეს. შუა უნდა შეიკრიბოსო, როდესაც ვამბობთ, ტოტალური გაერთიანება არ იგულისხმება, მათი პოლიტიკურ ველზე უფრო აქტიურად ყოფნა. მთავარია, რომ "ქართული ოცნების" და "ენმ-ს" გარდა კიდევ იყოს ალტერნატივა და "ლელო" სწორედ ასეთ ალეტერნატივად მიიჩნევს თავს," - აცხადებს კუპრაძე.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფი"ს წევრის თეონა აქუბარდიას განცხადებით კი, საკუთარ თავს ვერც ენმ-ს რიგებში ხედავს და ვერც "ქართული ოცნების".
"საკუთარ თავს ვხედავ არა "ნაციონალურ მოძრაობასა" და არა "ქართულ ოცნებაში". სხვა დანარჩენი იქნება სამომავლო მსჯელობის საგანი, თუ როგორი კონფიგურაცია იქნება, იქიდან გამომდინარე. როდესაც ვსაუბრობ "ნაციონალურ მოძრაობაზე", მასში იგულისხმება "სტრატეგია აღმაშენებელიც", იმიტომ, რომ ისინი ერთად აპირებენ საარჩევნოდ გასვლას. სრულიად ახალს არ ვფიქრობ, თუმცა არსებული პარტიების ბაზაზე შესაძლოა ვიხილოთ გაერთიანება ადამიანების ხედვის ირგვლივ და ამ მოცემულობით, რამდენადაც ჯერ პროცესი და დუღილია და არაფერი კონტურები არ ჩანს, ვაგრძელებ მუშაობას ისე, როგორც ვმუშაობდი დამოუკიდებლად", - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი გიორგი ბარამიძე აცხადებს, რომ ახალ პარტიას არ ეძებს.
"არაფერს არ გამოვრიცხავთ, თუ რომელიმე პარტია მოისურვებს, რომ "ნაციონალური მოძრაობისა" და "სტრატეგია აღმაშენებლის" გამარჯვების კოალიციას შემოუერთდეს, ამას განვიხილავთ, ჩვენი კარი დაკეტილი არ არის, მაგრამ ამ ეტაპზე ვთვლით, რომ ეს არის ლოგიკური გაერთიანება. სხვა პარტიებს ასეთი რამ (გაერთიანების სურვილი) არ გამოუთქვამთ. ნამდვილად არ ვართ ახლა იმ პროცესში,რომ ახალ პარტიებს ვეძებდეთ იმისათვის, რომ ჩვენს კოალიციას შემოუერთდეს", - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.