ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ოპოზიციას მოუწოდებს, 9 რეკომენდაციის შესრულების პროცესში თუ არ ჩაერთვებიან, ხელი მაინც არ შეუშალონ ხელისუფლებას მუშაობაში.
მისი თქმით, ოპოზიციის "გარუსების გეგმა" სრულიად ჩავარდნილია, მათი მომხრეებიც გაუგებრობაში არიან და ვერ ხვდებიან რაშია საქმე.
"ჩვენ ვუერთდებით ბატონი ჰერჩინსკის განცხადებას და ჩვენც მოვუწოდებთ, თუმცა მოლოდინი პოზიტიური არ გვაქვს. მათ შეუძლიათ არაფერი არ ქნან, საერთოდ გაჩერდნენ და ამითაც კი დაეხმარებიან ხელისუფლებას პრიორიტეტების შესრულებაში.
მათი გეგმა ჩავარდა, ეს ხელისუფლების და ქვეყნის პიარული გარუსების გეგმა ჩავარდა. ეს ხალხი ფიქრობს ამ რუსეთის გავლით ევროპა აღარ გაგვიგიაო და ვეღარ ხვდებიან უკვე რაშია საქმე და მათი მომხრეებიც დაბნეულები არიან. ეს გარუსების გეგმა, აბსოლუტურად ჩავარდნილია, აბსოლუტურად გოიმური და მდაბიო მესიჯია. შესაბამისად, ამ დროს, პოზიტიური მოლოდინი ვერ იქნება, მაგრამ როგორც მინიმუმ, იქნებ ხელი მაინც არ შეგვიშალონ, ამაში მდგომარეობს ჩვენი მოწოდება," - განაცხადა მდინარაძემ.