კეზერაშვილის შემდეგ, მამუკა ხაზარაძის სახით, კიდევ ერთი თვითაღიარებული ოლიგარქი გვყავს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.
შალვა პაპუაშვილის შეფასებით, მამუკა ხაზარაძემ აღიარა, რომ სრულად აკმაყოფილებს ოლიგარქის ყველა კრიტერიუმს.
"კიდევ ერთი თვითაღიარებული ოლიგარქი გვყავს კეზერაშვილის შემდეგ, რომელმაც ასევე აღიარა. ვიცით, რომ კეზერაშვილს აქვს ფული, აღიარა და ვიცით, რომ აქვს მედია და ვიცით, რომ აქვს პარტია. ზუსტად იგივე გააკეთა მამუკა ხაზარაძემ, რომელმაც აღიარა, რომ ის არის ოლიგარქი და სრულად აკმაყოფილებს ოლიგარქის ყველა კრიტერიუმს. კერძოდ, აქვს ფული, აქვს პარტია, აქვს მედია. ეს არის, რისი ლუსტრაციაც მოხდა. როდესაც ოლიგარქიაზე და ასე შემდეგ საუბრობენ თავად ოლიგარქები, ეს, რა თქმა უნდა, არის ძალიან სამარცხვინო ქმედება," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, პარტია "ლელოს" ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ ტელეკომპანია "ტვ პირველის" სარედაქციო პოლიტიკა არ შეუცვლია. მამუკა ხაზარაძეს ჟურნალისტ ეკა კვესიტაძის გადაცემაში სტუმრობისას კითხვა დაუსვეს 2019 წლის პერიოდზე, როდესაც მამუკა ხაზარაძე ამბობდა, რომ გადასცეს მაშინდელი შს მინისტრის, გიორგი გახარიას მუქარის წერილი, სადაც, სხვა საკითხებთან ერთად, "არტარეასა" და "ტვ პირველის" სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას ითხოვდა.
"გიორგი გახარიას წერილის რომელი პუნქტი შევასრულე, "ტვ პირველის" სარედაქციო პოლიტიკა შევცვალე, თუ "არტარეამ" კულტურის მაგივრად პოლიტიკის მაუწყებლობა დაიწყო?" - აღნიშნა ხაზარაძემ.