ეუთოს მინისტერიალზე საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გაკეთდა. შვედეთის და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა კი სიტყვით გამოსვლის დროს დაადასტურეს მხარდაჭერა საქართველოსა და მოლდოვის უსაფრთხოების გაძლიერებისა და ევროპული ინტეგრაციის მიმართ.
მათი თქმით, რუსეთი წლებია ცდილობს, ძირი გამოუთხაროს ევროპის უსაფრთხოების მთავარ პრინციპებს, მათ შორის 2008 წელს საქართველოში და უკრაინაში 2014 წლის შემდეგ.
"არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთი გამიზნულად ავრცელებს თავის გავლენას კონფერენციის მონაწილე ქვეყნებზე. ჩვენ აღმოვუჩენთ ყველანაირ მხარდაჭერას მოლდოვას და საქართველოს, რათა გამტკიცდეს მათი გამძლეობა, უსაფრთხოება, ტერიტორიული მთლიანობა, ასევე ევროკავშირში ინტეგრაციის გზა," - ამბობს შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ტობიას ბილსტრომი.
საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრმა, კატრინ კოლონამ დარბაზში განაცხადა, რომ დღეს სასწორზე დგას ეუთოს პრინციპების - სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობის, საზღვრების ხელშეუხებლობის შენარჩუნება და დავების მშვიდობიანი მოგვარება.
"ჩვენი კოლექტიური ვალდებულებაა ვუპასუხოთ ამ ომის გლობალურ გავლენას. დღეს სასწორზე დგას ეუთოს პრინციპების, სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობის, საზღვრების ხელშეუხებლობის შენარჩუნება და დავების მშვიდობიანი მოგვარება. მოლდოვა და საქართველო ასევე განიცდიან რუსეთის მიერ ეუთო-ს დამფუძნებელი პრინციპების დარღვევას მათი ტერიტორიების ნაწილში რუსეთის უკანონო სამხედრო ყოფნისა და მრავალი ჰიბრიდული თავდასხმის გამო, რომელიც მიზნად ისახავს ძირი გამოუთხაროს მათი დემოკრატიული საზოგადოების საფუძვლებს," - განაცხადა კატრინ კოლონამ.
ევროკავშირის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოსა და მოლდოვას რესპუბლიკის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსასა და ტერიტორიულ მთლიანობას.
"მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი წლების განმავლობაში ცდილობს საერთაშორისო ნორმების უხეშად დარღვევას, მათ შორის საქართველოში 2008 წელს და უკრაინაში, 2014 წლიდან, ეს პრინციპები არც მოლაპარაკებას ექვემდებარება და არც გადასინჯვას ან ინტერპრეტაციას. ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოსა და მოლდოვას რესპუბლიკის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსასა და ტერიტორიულ მთლიანობას, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ევროკავშირი გააგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას საქართველოსთან, უკრაინასთან და მოლდოვასთან და მხარს დაუჭერს მათ რეფორმების გატარების მცდელობებს ევროპულ გზაზე," - აცხადებს ევროკავშირის წარმომადგენელი.